ცული

„სპეცოპერაცია ნაჯახი", ანუ როგორ გაყარა გამწარებულმა ხნიერმა ქალმა ახალგაზრდები

223
(განახლებულია 20:01 17.08.2020)
ასაკოვან ქალსა და მის 83 წლის მეუღლეს ღამე უბრალოდ დაძინება უნდოდათ და არა გამაყრუებელი როკის მოსმენა მეზობელი გარაჟიდან.

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. რუსთავში მცხოვრებმა ქალმა ღამღამობით ერთთვიანი აუტანელი ხმაურის შემდეგ გადაწყვიტა ახლომდებარე ავტოსერვისის თანამშრომლებს თავად გასწორებოდა, იუწყება ადგილობრივი სააგენტო InfoRustavi.

კალაძემ ხმაურიან ღამის დაწესებულებებს თბილისში ომი გამოუცხადა>>

ხნიერ ქალს იმდენად მებრძოლი გამომეტყველება ჰქონდა, რომ ავტოფარეხში ხმაურიანი საღამოების მომწყობმა ახალგაზრდებმა მაშინვე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

როგორც პენსიონერმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე ერთი თვეა, ავტოფარეხში ახალგაზრდები იკრიბებიან და თავიანთი ხმაურით არ აძინებენ არც მას და არც მის 83 წლის მეუღლეს.

„მთელი თვე ვეხვეწები, რომ 10 საათზე დაკეტონ და დაგვაძინონ. აქედან ვეტყვი რამეს – მაგინებენ... მეპატრონემ შეიძლება დაკეტოს ღამე, მაგრამ გასაღები დევს იქ, მოდიან სხვები, აღებენ და არის ერთი ამბავი...“ – თქვა ქალმა.

ბოლოს ქალს ნერვებმა უმტყუნა, როდესაც წუხელ, ღამის ორ საათამდე ავტოსერვისიდან ისევ აუტანელი ხმაური გამოდიოდა. ქალმა მოქმედება და ამ ვითარებისთვის ბოლოს მოღება გადაწყვიტა – ნაჯახით.

ავტოსერვისის მეპატრონის განცხადებით, ქალმა ყველა გაყარა ფარეხიდან, მოაწყო მცირეოდენი დარბევა – გაანადგურა ხმაურის მთავარი წყარო – მუსიკალური ცენტრი.

ემუქრება თუ არა სასჯელი განრისხებულ ქალს, რომელმაც თავისი ძილის უფლებები ნაჯახით ხელში დაიცვა, ჯერჯერობით უცნობია.

223
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1787)
სახანძრო მანქანა

ატენის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

19
(განახლებულია 11:21 19.09.2020)
რთული რელიეფის გამო მეხანძრე-მაშველებს სახანძრო ტექნიკის გარეშე, ინდივიდუალური აღჭურვილობით უხდებოდათ ცეცხლის ქრობა

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მთის კლდოვან ნაწილში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. დაიწვა ორი ჰექტარ ფართობზე არსებული ეკალბარდი, ბალახი და ბუჩქნარი.

რთული რელიეფის გამო მეხანძრე-მაშველებს სახანძრო ტექნიკის გარეშე, ინდივიდუალური აღჭურვილობით უხდებოდათ ცეცხლის ქრობა.

ხანძარი ატენის ხეობაში 16 სექტემბერს დაიწყო. 

გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ატენის თემში ნუგზარ მძინარაშვილმა განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზი გაუფრთხილებლობა გახდა.

გორის მუნიციპალიტეტში ტყე იწვის >>

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მოქალაქეებს არაერთხელ მოუწოდეს, რომ დაიცვან უსაფრთხოების წესები.

ტყის ხანძრების ძირითადი მიზეზი ადამიანების გაუფრთხილებლობაა, ხოლო მაღალი ტემპერატურა ზაფხულში ცეცხლის გავრცელებას უწყობს ხელს.

19
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1787)
პოლიციის ლენტი

ქარელი-ხაშურის გზაზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის მგზავრი დაიღუპა

47
(განახლებულია 10:42 19.09.2020)
საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი დაიღუპა და 10 დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში ათი მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

47
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1787)
ტესტირება კორონავირუსზე

ლაგოდეხში კორონავირუსი ორ მცირეწლოვან ბავშვს დაუდასტურდა

0
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. კახეთის რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსზე, ნელი ხიზანიშვილზე დაყრდნობით.

ხიზანიშვილის განცხადებით, „კოვიდ-19“ ლაგოდეხში მცხოვრებ მცირეწლოვან ბავშვებს დაუდასტურდათ.

მათი გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში იგეგმება.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კორონავირუსის გამოვლენის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში 34 ინფიცირებულია.

რეგიონის მასშტაბით მოქმედ სამ საკარანტინო ზონაში 122 ადამიანი რჩება, ხოლო თვითიზოლაციაში კი 171 მოქალაქე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას მონაცემებით, კახეთის რეგიონში დღეს კორონავირუსის სამი ახალი შემთხევა გამოვლინდა.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობა უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმძიმისაა >>

პარასკევს კახეთის რეგიონში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 187-ით გაიზარდა და 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 46 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში