მიწისძვრის მაგნიტუდა

მესამე მიწისძვრა ერთ დღეში: საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები კვლავ დაფიქსირდა

1043
(განახლებულია 15:55 12.08.2020)
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები შუადღემდე ნახევარი საათით ადრე დაფიქსირდა, მანამდე კი, დაახლოებით 12 საათით ადრე, მიწისძვრა ზედიზედ ორჯერ მოხდა.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 11:31 საათზე 3,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირა.

ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერად აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო.

გუშინ, ღამით საქართველოში ორი მიწისძვრა დაფიქსირდა.

თავდაპირველად 3,5 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 23:21 საათზე სოფელ ფარავანთან, წალკიდან 21 კილომეტრში დაფიქსირდა. ეპიცენტრი 5 კილომეტრის სიღრმეში იყო.

36 წუთის შემდეგ, 23:57 საათზე პრაქტიკულად იმავე ადგილზე, სოფელ ფარავანში, წალკიდან 18 კილომეტრში 3,2 მაგნიტუდის განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

1043
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1789)
პატრული

ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს

41
(განახლებულია 12:19 23.09.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნარკორეალიზატორებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

 

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ფონიჭალის დასახლებაში  11 ნარკორეალიზატორი დააკავეს, იუწყება შინგან საქმეთა სამინისტრო. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“,  თანხა და მობილური ტელეფონები ამოიღო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  დაკავებულებს  8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

41
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში
ოქროს ნაკეთობები

თურქეთის მოქალაქეს საქართველოში არადეკლარირებული ძვირფასეულობა შემოჰქონდა

31
(განახლებულია 15:45 23.09.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის" გავლით მალულად შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები. უწყების ცნობით, ამოღებულია 300 გრამამდე ძვირფასეულობა, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 35 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

31
თემები:
კრიმინალი საქართველოში
მშენებლობა თბილისში

„ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობა ოქტომბრის დასაწყისში განახლდება

0
(განახლებულია 15:23 23.09.2020)
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, უკვე დასრულების ფაზაშია „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი ობიექტების საკითხიც.

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. თბილისის მუნიციპალიტეტსა და სამშენებლო კომპანია „m2 ჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აღნიშნული კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძემ დედაქალაქის მასშტაბით დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკითხის  მოგვარების მიზნით, სპეციალური კომისია აქტიურად მუშაობს.

მისი თქმით, აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება.

„ამ მიმართულებით უკვე მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში ვართ და ოქტომბრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყება. 400 ადამიანი ელოდება ამ მშენებლობის დასრულებას და სამი წლის განმავლობაში ადამიანები საკუთარ ფართებს მიიღებენ“, -განაცხადა კალაძემ.

საცხოვრებელი კომპლექსი „ოლიმპიური ვარსკვლავი“ თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარეობს, მისი მშენებლობა 2006-2008 წლებში დაიწყო, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო  პროექტი ვერ დასრულდა.

2012 წელს „ოლიმპიური ვარსკვლავი“ 27 მლნ ლარით დაჯარიმდა, თუმცა შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჯარიმა 450 ათას ლარამდე შეუმცირდა. აღნიშნულ კომპლექსში საცხოვრებელ ბინებს 350-ზე მეტი ოჯახი 15 წლის განმავლობაში ელოდება.

როგორც მერმა აღნიშნა, უკვე დასრულების ფაზაშია „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი ობიექტების საკითხიც.

„დაახლოებით 6 ათასამდე ოჯახზეა საუბარი. მუშაობა ერთი დღით არ შეგვიჩერებია. ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას და ვფიქრობ, ძალიან მალე შევძლებთ, ამ მრავალწლიან პრობლემას წერტილი დავუსვათ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მერის ინფორმაციით, თბილისში დაახლოებით 180 ობიექტია, რომლებსაც დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი აქვს.

2019 წელს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია“ შეიქმნა, რომელიც დედაქალაქში არსებულ ყველა პრობლემურ მშენებლობას განიხილავს.

0
თემები:
თბილისი დღეს