პატრული

ბათუმში აკუსტიკური ხმაურის გამო ცხრა მოქალაქე დააჯარიმეს

1823
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღისა (08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე) და ღამის (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პერიოდებისათვის.

 

თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. ბათუმში ბოლო ერთი თვის განმავლობაში აკუსტიკური ხმაურის ნორმის დარღვევის ფაქტზე სულ 34 შეტყობინება შევიდა, მათ შორის ცხრა პირი დაჯარიმდა,  ნათქვამია ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების თანახმად, 2017 წლის 15 აგვისტოს ძალაში შევიდა კანონი ხმაურის აკრძალვის შესახებ. კანონი პირველ ჯერზე გაფრთხილებას ითვალისწინებს, განმეორებით შემთხვევებში კი დაწესებულია ფულადი ჯარიმა — 150 ლარი ფიზიკური პირისთვის, და 500 ლარი იურიდიული პირისთვის. ყოველ მომდევნო შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება. 

შეგახსენებთ: აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღისა (08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე) და ღამის (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პერიოდებისათვის.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება:

• დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე;

• ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე. 

აღსანიშნავია, რომ აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის ფაქტებზე მოქალაქეებს შეუძლიათ აცნობონ პოლიციას, რომელსაც ევალება კიდეც მოახდინოს რეაგირება დარღვევაზე.

ხმაურის დასაშვებ ნორმად ბინებსა და სახლებში ითვლება არა უმეტეს 35 დეციბელისა დღისით და 30 დეციბელისა ღამით. სავაჭრო ობიექტებში — 55 დეციბელი, სამედიცინო დაწესებულებებში — 40, ხოლო სასწავლო დაწესებულებებში — 35 დეციბელი.

ბარებისა და რესტორნებისთვის შეზღუდვები დაწესებულია იმის გათვალისწინებით, თუ რა მანძილითაა ისინი დაშორებული მეზობლად მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან. დაბალსართულიანი შენობის მახლობლად დღისით დაშვებულია 50 დეციბელამდე ხმაური, ღამით კი — 40 დეციბელი. მაღალსართულიანი სახლების მახლობლად: დღისით — 55 დეციბელი, ღამით — 45.

1823
თემები:
საქართველოს რეგიონები (222)
სასწრაფო დახმარების მანქანა

კახეთში რთველში მიმავალი მიკროავტობუსი გადატრიალდა: დაშავებულია 11 ადამიანი

106
(განახლებულია 21:36 25.09.2020)
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები  ყვარლისა და თელავის კლინიკებში, მცირეწლოვანი ბავშვი კი თბილისში გადაიყვანეს.

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ოთხი წლის ბავშვი დაშავდა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალიდან ყვარელში რთველში ადამიანები გადაჰყავდა,  ცემენტის ბოგირს შეეჯახა და გადატრიალდა. მანქანაში მყოფმა მგზავრებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები ყვარლისა და თელავის კლინიკებში გადაიყვანეს, მცირეწლოვანი ბავშვი კი თბილისში მოათავსეს. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში  რვა ადამიანია მოთავსებული, ორ დაშავებულს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

სავარაუდოდ, მანქანას სავალი ნაწილი დაუზიანდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დრღვევას გულისხმობს.

106
თემები:
შემთხვევები საქართველოში
განცხადება დაკარგული ილია ფილფანის ძებნის შესახებ

ილია ფილფანს უკვე ინტერპოლი ეძებს

105
(განახლებულია 21:44 25.09.2020)
დაკარგული ილია ფილფანის მამამ დაზარალებულის სტატუსი მიიღო – ახლა ის საქმის მასალების გაცნობას შეძლებს.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. სვანეთში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ ილიას დედამ ქსენია ფილფანმა განუცხადა.

თვე-ნახევარი გავიდა – 13 წლის ილია ფილფანის ძებნა გრძელდება>>

18 ივლისს ილია, რომელიც მამის ნათესავებთან სვანეთში, სოფელ ლენჯერში სტუმრად იმყოფებოდა, სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ბიჭის ახლობლებმა პოლიციას მეორე დღეს მიმართეს.

„როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვლადიმერ ბორცვაძეს შევხვდით, ვთხოვეთ, რომ ილიაზე საერთაშორისო ძებნა გამოეცხადებინათ. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ჩვენი თხოვნა შესრულდა – ბიჭს ინტერპოლი ეძებს“, – აღნიშნა ქსენიამ.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

როგორც ქსენია ფილფანმა აღნიშნა, მისმა მეუღლემ დაზარალებულის სტატუსი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მას გამოძიების მასალებზე წვდომა ექნება.

„ერთი პრობლემა გაგვიჩნდა – ქართული ენა არ ვიცით, მთარგმნელი გვჭირდება. როდესაც მთარგმნელს ვიპოვით, შევძლებთ გამოძიების მასალების გაცნობას“, – აღნიშნა ქსენია ფილფანმა.

ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან სოფელ ლენჯერში, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა.

105
თემები:
შემთხვევები საქართველოში
კორონავირუსის ეპიდემია. ჟურნალისტები პირბადეებით

ვინ და როგორ აშუქებს არჩევნებს? სპეციალისტებმა ქართული მასმედია გააანალიზეს

0
ყველაზე კრიტიკული ტონი მთავრობის მიმართ ჰქონდა :მთავარ არხს“ – 72%, ხოლო ყველაზე დადებითი Postv–ს – 33%

თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ქართული მასმედია ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საქმიანობის გაშუქებას. შემდეგ მოდიან ოპოზიციური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

ამაზე მეტყველებს საპარლამენტო არჩევნების შუალედური მედიამონიტორინგის შედეგები. მედიამონიტორინგმა მასობრივი ინფორმაციის 43 საშუალება მოიცვა: 12 ტელეარხი, 10 რადიო, რვა გაზეთი და 13 ონლაინ–გამოცემა. კვლევა 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

არჩევნები 2020: „ოდირმა“ საქართველოში სადამკვირვებლო მისია გახსნა>>

მედიამონიტორინგი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, Internews Georgia და CRRC–საქართველო – თანამშრომლობით. მონიტორინგი2020 წლის დეკემბერში დასრულდება.

მონიტორინგის პირველი შედეგები

„ქართული ოცნება უფრო დადებით კონტექსტში გააშუქა ტელეარხმა „იმედი“ (29%), ხოლო ნეგატიურად – ოპოზიციურმა ტელეარხმა „მთავარი არხი“ (72%).

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად გააშუქა „მთავარმა არხმა“ (6%), ხოლო ნეგატიურად – ტელეარხმა „ობიექტივმა (79%).

ოპოზიციურ საპარლამენტო პარტია „ევროპულ საქართველოს“ ყველაზე მეტი დრო დაუთმა ტელეარხმა „ფორმულამ“. დადებითი გაშუქება შეადგენდა მთელი დროის 1%–ზე ოდნავ მეტს. ყველაზე მეტად პარტიას დადებითად იხსენებდა „TV პირველი“ და „კავკასია (2%). ყველაზე ნეგატიურად ეს პარტია გააშუქეს „იმედის“ ეთერში.

პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ ყველაზე მეტი დრო დაუთმო „TV პირველმა“. დადებითი გაშუქება შეადგენდა მხოლოდ 3%–ს. ყველაე მეტად დადებითად პარტია გააშუქა ტელეარხმა „კავკასია“ (21%).

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო დაუთმო „იმედმა“. ნეგატიური გაშუქება შეადგენდა 74%–ს.

მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკული ტონი ჰქონდა „მთავარ არხს“ – 72%, ხოლო ყველაზე დადებითი – Postv–ს – 33%.

„წინა წლების მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რომლებიც დაკავშირებული იქნება საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში“, – აღნიშნავენ დოკუმენტის ავტორები.

მედიამონიტორინგმა ასევე აჩვენა, რომ წინა წლებთან შედარებით გაიზარდა ეთიკური დარღვევების ფაქტები. როგორც წინა წლებში, თითქმის ყველა არხზე პრობლემას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპები. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთელი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა სექსისტური განცხადებების ტირაჟირების რამდენიმე შემთხვევა. სექსისტური განცხადების ავტორი პოლიტიკოსებთან ერთად ჟურნალისტებიც იყვნენ.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020