ილია ფილფანი

შსს-მ ყველა რეზერვი აამოქმედა ილია ფილფანს მესამე კვირაა ეძებენ

267
(განახლებულია 20:56 05.08.2020)
ილია ფილფანი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს, დილით გავიდა. მას შემდეგ იგი აღარავის უნახავს.

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებული ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს, დილით გავიდა. მას შემდეგ იგი არავის უნახავს. ბიჭის დაკარგვის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 19 ივლისს შევიდა. ბოლოს ილია სოფელ ლენჯერში ნახეს. 

ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა. 

შსს-ს ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართულია 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მოზარდის საძიებო სამუშაოები ტარდება როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ენგურსა და ენგურჰესზეც.

ვერტმფრენი, დრონები და 80 მაშველი: სვანეთში 13 წლის ბიჭის ძებნა განახლდა>>

„საქართველოში არსებულ ყველა აქტიურ სატელეფონო ნომერზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112”-ის მიერ საინფორმაციო სამენოვანი მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნა ილია ფილფანის ფოტოსურათით, რათა მოქალაქეებმა ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დარეკონ 112-ზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჯამში მეხანძრე-მაშველების მიერ შემოწმებულია 38 სოფელი და მათი მიმდებარე ტერიტორია. ასევე შემოწმებულია მუგვირის ტერიტორია, ქორულდის მთის ტერიტორია, ჭუბერი და მის გარშემო ტერიტორია.

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ფეხით გაიარეს ბეჩო-დიზი-ხაიში-ჯვარამდე ზუგდიდის მიმართულებით საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიები, ჭალადის მყინვარზე არსებული ტურისტული მარშრუტი, მესტიის საბაგიროს მიმდებარედ არსებული ტყის მასივი, მესტიის მთავარანგელოზის ეკლესიიდან სოფელ ლენჯერამდე ტყის ფერდობები, სოფელ ებუთის და ჰაწვალის მთის ტყის მასივი და უღელტეხილ ჰოკოს მიმდებარედ არსებული ოთხი ძველი უმოქმედო გვირაბი.

ასევე დათვალიერებული და შემოწმებულია შვიდი მდინარე, მდინარის კალაპოტი და მიმდებარე ხეობები, მთებში, საძოვრებზე არსებული სადგომები, მიტოვებული სახლები და გვირაბები, ასევე ტყეები.

13 წლის ილია ფილფანის გაუჩინარება: ყაზახეთის საელჩო საგარეო უწყებას მიმართავს>>

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

267
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1789)
მთავარი პროკურატურა

დაკითხვა საპროტესტო აქციის ფონზე - სკანდალი ბაჩალიაშვილის საქმის ირგვლივ არ წყდება

92
(განახლებულია 21:44 23.09.2020)
გარდაცვლილი პროგრამისტის ადვოკატის მიმართ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების გამო აღშფოთება არაერთმა იურისტმა გამოთქვა

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ათზე მეტი ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან კოლეგის მხარდასაჭერად შეიკრიბა. ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.

გუშინ საგამოძიებო ორგანოებმა მიხეილ რამიშვილის პირადი მობილური ტელეფონი ამოიღეს უსაფრთხოების საკითხთა არასამთავრობო ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელ დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერის შესამოწმებლად, რომელმაც ადვოკატს გადასცა თანამგზავრიდან გადაღებული, იმ ადგილის ამსახველი ფოტოები, სადაც 23 წლის დაღუპული პროგრამისტის მანქანა იპოვეს.

ადვოკატების თქმით, საგამოძიებო მოქმედებები, ჩატარებული მიხეილ რამიშვილის მიმართ მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით, მათთვის მიუღებელია.

იურისტები მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია ადვოკატისთვის ტელეფონის ჩამორთმევა და ინფორმაციის გამოთხოვა, ასევე მსგავსი ფორმით დაკითხვა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის პოზიცია

აქციას შეუერთდა თეონა თამაზაშვილიც - გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა. მისი თქმით, გამოძიება, გოგონას მკვლელების ვინაობის დადგენის ნაცვლად, ებრძვის ადვოკატს და ცდილობს, ის საქმეს ჩამოაშოროს.

„მოვედი მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად, რადგან მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი პრეცედენტი, რომ ადვოკატს წაართვან ტელეფონი. იმის მაგივრად, რომ მკვლელები ეძებონ, მკვლელებს ებრძოლონ, ებრძვიან ადვოკატს, თვალებში ნაცარს გვაყრიან და ამბობენ, რომ ერთი მხარე ვართ. როდის იყო ერთი მხარე ერთმანეთს ებრძოდა. დიდი ხანია უნდათ მიხეილ რამიშვილის ჩამოშორება და ახლა საბაბი მიეცათ, აგერ ყალბი რაღაცაო“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვას, ვინ მიაწოდა მას იარაღით ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია და იყო თუ არა ეს დავით ფურცხვანიძე, თამაზაშვილმა მიუგო, რომ ამის შესახებ ინტერნეტში წაიკითხა, ფურცხვანიძემ კი სტატია ინგლისურ ენაზე უკვე ამის შემდეგ გამოაქვეყნა.

„როდესაც მოსამართლესთან დამკითხეს, მკითხეს – შენი წყარო ადამიანია თუ არა. მე ვუთხარი, კომპიუტერში წავიკითხე და თამუნასთან ლაპარაკიდან გამოვიტანე აზრი, ეგ სტატია  ფურცხვანიძემ ჩემი განცხადების შემდეგ გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი არის და დავუდე, რომ მარტო მე არ ვფიქრობ ამას-თქო. ფურცხვანიძეს ყარაბაღი არ უხსენებია. ეს იმიტომ ვთქვი, რომ იმ პერიოდში ერთადერთი ომი კავკასიაში, ყარაბაღში მიმდინარეობდა“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ აღნიშნა ასევე, რომ დარწმუნებულია ფოტოების ავთენტურობაში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა მას საწინააღმდეგოს დაუმტკიცებს, ის დაიჯერებს, რომ მისმა შვილმა თავი მოიკლა.

რა მოხდა დაკითხვაზე

დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გაესაუბრა და აღნიშნა, რომ უპასუხა კითხვებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვალა, დანარჩენი კი პროკურატურის საქმეა. მისი თქმით, ყველა კითხვა მის მიმოწერას ეხებოდა.

„კითხვები იყო, მიწერ-მოწერაში რა რას ნიშნავდა, მე ხომ არ შევუკვეთე, ვიცოდი თუ არა, რომ სურათები იყო გაყალბებული. პასუხები ეძებეთ, ვინ არის გამყალბებელი, საიდან გავიცანი ეს ადამიანი (ფურცხვანიძე - რედ.). გამოძიებას არაფერი ხელი არ შეშლია, გამოძიებას თავიდანვე ჰქონდა ხელი შეშლილი, რადგან არასწორად მიდიოდა, დღესაც არასამართლიანად გრძელდება, რადგან რაც დრო დახარჯა ამ აბსურდულ ძიებაში, იმ ქმედებებში, რომ მე ამ საქმეს ჩამომაცილოს, სჯობდა, ეს დრო და ენერგია საქმეში დაეხარჯა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გამოეყენებინა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ხაზგასმით განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ბაჩალიაშვილის მანქანა არ იყო იქ, სადაც იპოვეს.

რადგან ფურცხვანიძის მიერ წარმოდგენილი ფოტოები, ბრალდების განცხადებით, ყალბია, რამიშვილი პროკურატურისგან ელოდება თანამგზავრიდან გადაღებულ სხვა ფოტოებს.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ფურცხვანიძე აშშ-ში ვიზიტის შემდეგ, რომელიც 30 სექტემბერსაა დაგეგმილი, ამ ფოტოების ექსპერტიზის სარწმუნო შედეგს ჩამოიტანს. 

პროკურატურის პოზიცია

პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, გამოძიებამ დასვა მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი კითხვა.

„ვიდრე რამიშვილი საგამოძიებო ორგანოში განაცხადებდა წყაროს ვინაობას, თქვენთან, მედიასთან საჯაროდ დაუკავშირდა ამ პიროვნებას, შეატყობინა, რომ აპირებდა მის დასახელებას. ასევე, მისი ვინაობა ცნობილი გახადა თქვენთვის, რამაც არსებითად დააზარალა გამოძიების ინტერესები იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ იმ დღესვე, როდესაც დაასახელა დავით ფურცხვანიძე, დავიწყეთ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომელიც ეხებოდა ფურცხვანიძის სახლის და ოფისის ჩხრეკას“, – განაცხადა გუმბერიძემ.

პროკურორმა აღნიშნა ასევე, რომ დავით ფურცხვანიძე ერთადერთი ადამიანია ამ საქმეში, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებაშია მხილებული, მათ შორის, ყარაბაღში იარაღის მიწოდების საკითხზე.

რაც შეეხება ფურცხვანიძისთვის ბრალის წაყენების შესაძლებლობას, გუმბერიძის თქმით, ყველა უნდა დაელოდოს გამოძიების შედეგებს, ამ ეტაპზე კი კონკრეტული ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას.

ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა" და „თვითმკვლელობამდე მიყვანა".

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სექტემბრის დასაწყისში გამოძიებას წარუდგინა თანამგზავრიდან გადაღებული სოფელ მაწევანის მიმდებარე იმ ადგილის რამდენიმე ფოტო, სადაც დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს.

როგორც რამიშვილი ამტკიცებს, ფოტოები გადაღებულია 19-22 ივლისს და მათზე ჩანს, რომ მანქანა იმ ადგილზე არ დგას.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიებისთვის მიწოდებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.

92
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები
სიგარეტი

მარტვილში 90 ბლოკი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

48
(განახლებულია 20:59 23.09.2020)
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, კანონდამრღვევ მოქალაქეს აღმოჩენილი პროდუქცია ჩამოერთვა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა სოფელ ხუნწში ერთ-ერთი პირის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკისას 90 ბლოკი (18 ათასი ღერი) უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული საქონელი ჩამოერთვა.

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

48
თემები:
კრიმინალი საქართველოში
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 24 სექტემბერი

0
(განახლებულია 07:56 24.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა, ღირსი თეოდორა ალექსანდრიელის, მოწამეთა: დიმიტრის, ევანთიას, დიმიტრიანეს, დიოდორე და დიდიმე ასურელთა, იას, ღირსი ევფროსინეს, ღირსი სილოანე ათონელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

კრწანისის ბრძოლაში თავდადებულნი: 300 არაგველი და სასულიერო და საერო პირები

მე-18 საუკუნის მიწურულს, აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა. ქართველთა ჯარი მტერზე ბევრად მცირერიცხოვანი იყო. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ, რომელიც კრწანისის ველზე ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის 1795 წელს გაიმართა. დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს. 300 არაგველი და სხვა მებრძოლები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ.

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი და მისი ქმარი ალექსანდრიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ ზენონის (475-491) დროს.

წმიდა მოწამე ია 

წმიდა მოწამე იას აიგივებენ ღირსმოწამე ევდოკიასთან, რომელიც საპორ II-ის მიერ სპარსეთის ქალაქ ბიზადაში ტყვედ წასხმულ ქრისტიანებს შორის მოხვდა. ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისთვის წარმართებმა იგი შეიპყრეს. მთავარი ქურუმი ნეტარისგან დაჟინებით ითხოვდა, დაეგმო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ წმიდა ია აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს; განმეორებითი წამების შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს

წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი

წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი, წარმოშობით სირიის ლაოდიკიიდან იყვნენ. ისინი მხურვალედ ქადაგებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას თანამოქალაქეთა შორის, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, დაბოლოს, შოლტების ცემით ამოხადეს სული.

წმიდა მოწამენი: დიმიტრი, მეუღლე მისი ევანთია და ძე მათი დიმიტრიანე

წმიდა მოწამე დიმიტრი ჰელესპონტის სკეფსეოსის მმართველი იყო მაშინ, როცა აქ კორნილიოს ასისთავი ჩავიდა სახარების ქადაგებით. წმიდა კორნილიოსმა ქალაქის მრავალი მკვიდრი მოაქცია ქრისტიანობაზე. წარმართებმა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის ახალმოქცეულები საპყრობილეში გამოამწყვდიეს და შიმშილით დახოცეს.

ღირსი ევფროსინე 

ღირსი ევფროსინე პალესტინის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო და სამზარეულოში აღასრულებდა მორჩილების საქმეს. იგი გულმოდგინედ ემსახურებოდა ძმებს, გასაოცარი იყო წმიდანის მოთმინება: იგი უდრტვინველად იტანდა ყოველგვარ, ძალზე ხშირად, დაუმსახურებელ საყვედურს. მხურვალე მლოცველი და მკაცრი მმარხველი ევფროსინე ფარული ღვაწლით სათნოეყო უფალს, რაც თავად ზეცათა მეუფემ გაუცხადა მონასტრის ძმობას: სავანის ერთმა ხუცესმა ლოცვაში ითხოვა, მართლებისთვის განმზადებული საუკუნო ნეტარების ხილვის ღირსი გამხდარიყო. ღმერთმაც შეისმინა მისი და ძილში სამოთხის ენით აუწერელი მშვენიერება დაანახა. უეცრად მღვდელ-მონაზონმა თავისი მონასტრის ბერი - მზარეული ევფროსინე შენიშნა და ამგვარი შეხვედრით გაკვირვებულმა ჰკითხა, აქ როგორ აღმოჩნდიო. „ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით!“ - მიუგო წმიდანმა. ხუცესი ჩაეკითხა, თუ გაქვსო კადნიერება, მიბოძო რამე ამ ბაღიდან. მდაბალმა მონაზონმა სამოთხის ხის სამი ნაყოფი მოწყვიტა, ტილოში გაახვია და თანამოსაუბრეს გაუწოდა. ცისკრის ლოცვამდე გაღვიძებულმა მამამ ჩვენება ჩვეულებრივ სიზმრად ჩათვალა, მაგრამ მალე მისი ყურადღება ტილოში გახვეულმა საოცრად სურნელოვანმა ვაშლებმა მიიპყრო. ხუცესმა ტაძარში ღირსი ევფროსინე მოძებნა და სთხოვა, გაემხილა, სად იყო ღამით. ნეტარმა მიუგო: „მეც იქ ვიყავი, სადაც შენ. უფალმა შეგისრულა სათხოვარი, სამოთხე დაგანახა და მისი ნაყოფებიც გადმოგცა თავისი უღირსი მონის - ევფროსინეს ხელით“. ცისკრის შემდეგ ხუცესმა ეს ყოველივე ძმებს მოუთხრო, ბერებმა სამზარეულოს მიაშურეს, რომ თაყვანი ეცათ წმიდა მამისთვის, მაგრამ იგი ვერსად იპოვეს: ნეტარი განერიდა კაცთამიერ დიდებას და დატოვა სავანე. ძმებისთვის უცნობი დარჩა, სად გაიხიზნა მათი თანამოღვაწე, სამოთხის ვაშლებს კი  ბერები სასოებით ინახავდნენ და პატარ-პატარა ნაწილებად არიგებდნენ სულიერ და ხორციელ სნეულებათა საკურნებლად

ღირსი სილოანე ათონელი

ღირსი სილოანე ათონელი (ერობაში სვიმეონი) 1866 წელს დაიბადა ტამბოვის გუნერნიაში.

1892 წლის შემოდგომაზე ღირსი მამა ათონზე ჩავიდა და წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მორჩილად შედგა. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, 1896 წელს მან დიდი სქემა შეიმოსა.

წმიდა სილოანე ათონელი გარდაიცვალა 1938 წლის 11 სექტემბერს. მისი წმიდა ნაწილები ათონზე, პანტელეიმონის რუსულ მონასტერშია დაბრძანებული.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

 

0