რაჭაში სტიქიის შედეგებთან ბრძოლა გრძელდება

გამოწერა
რეგიონი თანდათანობით უმკლავდება დამანგრეველი წყალდიდობის შედეგებს – აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება, იგება დროებითი გზები, შენდება ხიდები.

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მცხოვრებლების დატბორილი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების წმენდა მიმდინარეობს, იუწყება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია.

28–29 ივლისს უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილზე ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები. 

წყალდიდობა რაჭაში - Sputnik საქართველო
რაჭაში ელექტროენერგიის მიწოდება ყველა სოფელში აღდგა

ამ დროისათვის სოფლების მოსახლეობის დასახმარებლად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის 25-კაციანი ჯგუფი მუშაობს. ქალაქ ონში გაწმენდით სამუშაოებში ასევე აქტიურად მონაწილეობენ წითელი ჯვრის მოხალისეთა ჯგუფები. უკვე დასრულების ეტაპზეა სტიქიის შედეგად დაზიანებული ონის წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის სამუშაოები.

რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, გადაადგილება აღდგენილია სოფელ ჟამიერეთთან მისასვლელ გზაზე. ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 129-ე კმ-ზე ჩაშლილი გზის დროებით აღსადგენად კი სამუშაოები გრძელდება. ამ მონაკვეთის გადალახვის შემდეგ მძიმე ტექნიკა გზის მომდევნო დაზიანებული მონაკვეთის აღდგენაზე იმუშავებს.

სარმის ხიდის მონტაჟის სამუშაოები გრძელდება სოფელ ხიდეშლებთან და სოფელ ლაგვანთასთან მისასვლელ გზებზე. სოფელ ღარში კი დაიწყო მდინარე რიონის კალაპოტის ფორმირების სამუშაოები.

რაჭაში სტიქიის ზონიდან 450-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა>>

უწყების ცნობით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა სოფელს მეორე დღეა ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენებმა სოფელ ღებიდან, გლოლადან და ჭიორადან დღეს 100-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანეს.

ცხოვრება სტიქიის შემდეგ: რაჭაში წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობენ - Sputnik საქართველო
ცხოვრება სტიქიის შემდეგ: რაჭაში წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობენ – ვიდეო

სულ 29 ივლისიდან დღემდე სტიქიის გამო გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან 562 ადამიანის გადმოყვანა გახდა შესაძლებელი, აქედან 122 ბავშვია.

სოფლის მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ვერტმფრენებით უწყვეტად აწვდიან სურსათს და საჭირო ნივთებს. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობით ადგილზე მუშაობას განაგრძობს ზარალის დამდგენი კომისიაც.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და გარე სამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობისთვის საჭირო დახმარების გაწევის მიზნით მუშაობას განაგრძობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო-პრო ჯორჯიას", შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0