საპატრულო პოლიცია

ზურაბ ჟვანიას ვაჟს პატიმრობა ემუქრება

238
(განახლებულია 15:30 04.08.2020)
ბუსა ჟვანიას უკვე წარუდგინეს ოფიციალური ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობაში. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, აწ განსვენებული ზურაბ ჟვანიას შვილს ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი საქართველოს ყოფილი დეპუტატის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურა იუწყება, ბრალდება აღკვეთის ზომად პატიმრობას მოითხოვს.

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმეზე ყოფილი პრემიერის ვაჟი დააკავეს>>

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2 აგვისტოს, გამთენიისას, კონფლიქტის დროს ლევან თოფაძეს მისივე სახლში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მისი გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების წყალობით მოხერხდა. ის ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება.

„გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა", – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბუსა ჟვანია 2 აგვისტოს დააკავეს, ბრალი მას მეორე დღეს განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარუდგინეს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მანამდე ლევან თოფაძე და მისი მეგობარი ბუსა ჟვანია, ორივე დაჭრილი, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ ოპერაცია ჩაუტარდათ.

კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

238
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1108)
სახანძრო მანქანა

ატენის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

6
(განახლებულია 11:21 19.09.2020)
რთული რელიეფის გამო მეხანძრე-მაშველებს სახანძრო ტექნიკის გარეშე, ინდივიდუალური აღჭურვილობით უხდებოდათ ცეცხლის ქრობა

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მთის კლდოვან ნაწილში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. დაიწვა ორი ჰექტარ ფართობზე არსებული ეკალბარდი, ბალახი და ბუჩქნარი.

რთული რელიეფის გამო მეხანძრე-მაშველებს სახანძრო ტექნიკის გარეშე, ინდივიდუალური აღჭურვილობით უხდებოდათ ცეცხლის ქრობა.

ხანძარი ატენის ხეობაში 16 სექტემბერს დაიწყო. 

გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ატენის თემში ნუგზარ მძინარაშვილმა განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზი გაუფრთხილებლობა გახდა.

გორის მუნიციპალიტეტში ტყე იწვის >>

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მოქალაქეებს არაერთხელ მოუწოდეს, რომ დაიცვან უსაფრთხოების წესები.

ტყის ხანძრების ძირითადი მიზეზი ადამიანების გაუფრთხილებლობაა, ხოლო მაღალი ტემპერატურა ზაფხულში ცეცხლის გავრცელებას უწყობს ხელს.

6
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პოლიციის ლენტი

ქარელი-ხაშურის გზაზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის მგზავრი დაიღუპა

28
(განახლებულია 10:42 19.09.2020)
საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი დაიღუპა და 10 დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში ათი მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

28
თემები:
შემთხვევები საქართველოში