გიორგი შაქარაშვილი

სასამართლო პროცესი შაქარაშვილის საქმეზე: ვის და რატომ განსჯიან

220
(განახლებულია 13:45 31.07.2020)
არასრულწლოვანთა კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით 18 წლამდე ბრალდებულების საქმეს სასამართლო ცალკე განიხილავს.

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. პარასკევს, 31 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის შემდეგ დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის საქმის წინასწარი მოსმენა გაიმართება.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ძებნიდან მეოთხე დღეს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის მდინარეში დაიხრჩო, თუმცა მის სხეულზე სიცოცხლეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღინიშნებოდა. ამ დროისათვის პოლიციას 17 ადამიანი ჰყავს დაკავებული, რომლებსაც ბრალად ედებათ ფეხბურთელის გაუჩინარების საღამოს მომხდარ სამ ჩხუბში მონაწილეობა.

პროკურატურის გადაწყვეტილებითა და არასრულწლოვანთა კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით 18 წლამდე ბრალდებული ექვსი მოზარდის საქმე ცალკე განიხილება.

წინასწარ მოსმენაზე სასამართლო გაეცნობა მტკიცებულებებსა და წარმოდგენილ მოწმეებს და განიხილავს შემდგომი განხილვის დროს მათი დაშვების საკითხს.

არასრულწლოვნების ადვოკატები, თავის მხრივ, ამ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით გამოვლენ. ამ დროისთვის ყველა არასრულწლოვანი წინასწარ პატიმრობაშია.

არასრულწლოვნებიდან სამს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ერთს – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ხოლო ორს ბრალი ორი მუხლით აქვს წაყენებული – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა და ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: „ბავშვი ჩაახრჩვეს და გააყოლეს დინებას...“>>

ექვსივე არასრულწლოვნის ვინაობა ცნობილია, მაგრამ მათი დასახელება გამოძიებას, კანონმდებლობის შეზღუდვებიდან გამომდინარე, არ შეუძლია.

გამოძიების მონაცემებით, ხუთი არასრულწლოვანი მონაწილეობდა შაქარაშვილზე და მის მეგობრებზე შურისძიების ორგანიზაციაში.

ამასთან, ექვსივე მონაწილეობდა ფეხბურთელთან და მის მეგობრებთნ ორ ჩხუბში თბილისი–მცხეთის გზაზე. მეორე ჩხუბის შემდეგ შაქარაშვილი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.

ექვსიდან ორს ბრალად ედება ის, რომ მათ იძულებით ჩასვეს შაქარაშვილის მეგობარი გიორგი ამირხანაშვილი ავტომობილში და თბილისში წაიყვანეს.

პროკურატურა შაქარაშვილის დაღუპვის საქმეს იძიებს „დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის“ მუხლით და სწავლობს ამ საქმეში ჩხუბში მონაწილე 11 სრულწლოვანის მონაწილეობას. ამასთან, გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ ამ მუხლით ბრალი წარედგინოთ არასრულწლოვან დაკავებულებსაც.

220
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (72)
ციხის პერიმეტრი

მკვლელობა ხაშურში: თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული მენეჯერი პატიმრობაშია

72
ყოფილი თანამშრომელი სახელფასო დავალიანების გადახდას მოითხოვდა. ოფისში აგრესიული შეჭრა მკვლელობით დასრულდა

თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი კოლეგის მკვლელობაში ბრალდებულ მენეჯერს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ხაშურში პარასკევს საღამოს მოხდა. სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიაში სახელფასო დავალიანების გადახდის მოთხოვნით მივიდა ყოფილი თანამშრომელი და ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს დანით დაემუქრა. მუქარებზე საპასუხოდ მენეჯერმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. 40 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წარუდგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

დღევანდელი პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

72
თემები:
კრიმინალი საქართველოში
საპატრულო პოლიცია

მკვლელობა კასპში: 62 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს  

85
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით კასპში ცხელ კვალზე 62 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქათველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ადგილზე მოკლა მასთან სტუმრად მისული 42 წლის მამაკაცი, ხოლო 71 წლის მამაკაცი დაჭრა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მანქანის ხელოსანია, გარდაცვლილი კი მისი კლიენტი იყო. დაჭრილი კი მისი თანხმლები პირია.

მკვლელობა შაბათს მოხდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის  108-ე, 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

85
თემები:
კრიმინალი საქართველოში
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 21 სექტემბერს

0
(განახლებულია 19:46 20.09.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის და შატილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს