სტიქიის შედეგები რაჭაში

„თავით აგებენ პასუხს“: პრემიერი რაჭაში წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაზე

221
(განახლებულია 20:09 30.07.2020)
არ არის გამორიცხული, რომ სტიქიის ზონიდან რამდენიმე ოჯახის გასახლება გახდეს საჭირო, რადგან ისინი მაღალი რისკის ადგილებში ცხოვრობენ.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კოკისპირული წვიმებისგან დაზარალებულ რაჭაში იმყოფება.

უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭის და, კერძოდ, ონის რაიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილზე ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ასზე მეტი ადამიანი.

მთავრობის მეთაური სოფელ ღებში იმყოფებოდა. ეს სოფელი უამინდობის გამო განსაკუთრებით დაზარალდა. გზის დანგრევის გამო ის გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა.

ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარემ დიდი ღებისა და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. შედეგად – ორ დასახლებას შორის არ არის საავტომობილო მიმოსვლა.

გახარიამ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა ორივე სოფელი და არსებულ პრობლემებსა და ვითარებას გაეცნო. პრემიერმა საგანგებო შტაბს დაავალა, მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს ადგილობრივ მოსახლეობას და უმოკლეს ვადებში გადაჭრას უამინდობით გამოწვეული პრობლემები. პრემიერი საგანგებო შტაბის სხდომას ატარებს.

გახარიას განცხადებით, წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისთვის შესაძლოა 50 მლნ ლარი გახდეს საჭირო, ხოლო რამდენიმე გზის რემონტს სულ ცოტა რამდენიმე თვე დასჭირდება.

„ვესაუბრეთ „ენერგო-პროს“ და ისინი გვპირდებიან, რომ შეიძლება ერთ კვირაში ელექტრომომარაგება აღდგეს. ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფება ადგილზე. სოფლებთან დაიწყება ვერტმფრენებით კავშირი. ადამიანებს, რომლებსაც სოფლებიდან გამოყვანის სურვილი ექნებათ, გამოვიყვანთ. ორგანიზებულად მოხდება ამ სოფლების მომარაგება ყველა საჭირო პროდუქტით... ამაზე თავით აგებს პასუხს გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა არ გამორიცხა, რომ სტიქიის ზონიდან რამდენიმე ოჯახის გასახლება გახდეს საჭირო, რადგან ისინი მაღალი რისკის ადგილებში ცხოვრობენ.

ადიდებულმა მდინარემ რაჭაში გზა გაანადგურა - ვიდეო>>

მაშველებმა მუშაობა დილიდან განაახლეს. სამ ადგილზე საბაგირო გზა მოეწყო. გზის ინფრასტრუქტურის აღდგენამდე სპეციალური აღჭურვილობით შესაძლებელი გახდა მოსახლეობისთვის კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების მიწოდება.

ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოებში 17 ერთეული მძიმე ტექნიკა მონაწილეობს, გზაშია დამატებითი ტექნიკა. მაშველები მდინარის დინების შესუსტებას ელოდებიან, რათა ადგილზე მეტი ტექნიკა შეიყვანონ და უფრო აქტიურად იმუშაონ.

სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული არიან სხვადასხვა სპეციალისტები – პროექტების სპეციალისტთა ჯგუფები, მეგზევეები, ხიდების სპეციალისტები და სხვ.

221
თემები:
უამინდობა საქართველოში (292)
პარლამენტის წინ. დაცვის თანამშრომელი

პარლამენტთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო: არიან დაკავებულები

54
აქციის მონაწილეები პოლიციის ქმედებებს უკანონოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მათ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის ფარგლებში არაფერი დაურღვევიათ.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია პარლამენტთან პოლიციასთან დაპირისპირებით და ორი ადამიანის დაკავებით დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა მათი თქმით გაყალბებული არჩევნების და ასევე ერთპარტიული პარლამენტის პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ არსებულ ჯებირებზე საბჭოური სიმბოლიკის და სხვა წარწერების გაკეთება სცადეს. პოლიციამ აქტივისტებს ხელი შეუშალა, შემდეგ კი შეხლა-შემოხლა მოხდა.

ადგილზე მყოფი ჟურნალისტების წინასწარი მონაცემებით, დაკავებულია ორი ადამიანი, კიდევ სამი ჭყლეტვის შედეგად დაშავდა.

აქციის მონაწილეები პოლიციის ქმედებებს უკანონოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის ფარგლებში მათ აქვთ უფლება გააკეთონ წარწერები დროებით ჯებირებზე.

54
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
საქართველოს გენერალური პროკურატურა

საქართველოში დაკავებული ძებნილის ექსტრადიციის საკითხზე იმსჯელებენ

39
(განახლებულია 13:11 28.11.2020)
დამნაშავე ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, ლუქსემბურგის ტერიტორიაზე ძვირადღირებული ავტომანქანების ქურდობებში იღებდა მონაწილეობას.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურატურა ლუქსემბურგში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი უკრაინის მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება სერიული და ორგანიზებული ქურდობების ჩადენა, ასევე ფულის გათეთრება და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის ბრალდებული დ.კ. 2019 წლის განმავლობაში, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, ლუქსემბურგის ტერიტორიაზე ძვირადღირებული ავტომანქანების ქურდობებში იღებდა მონაწილეობას, ხოლო შემდგომში დანაშაულებრივი გზით მიღებულ შემოსავალს სხვადასხვა გზით ათეთრებდა.

აღნიშნული დანაშაულებები 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დ.კ.-ს თანამონაწილეების ნაწილი ლუქსემბურგში პატიმრობაშია, ხოლო იგი ამ დროის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლუქსემბურგის კომპეტენტურ ორგანოებს 40 დღიანი ვადა აქვთ, რათა საექსტრადიციო დოკუმენტები წარმოადგინონ. ამის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. სასამართლოს მიერ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი მიიღებს.

შეგახსენებთ, 24 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად, ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი დააკავეს, რომელიც ევროპის ყველაზე სერიოზულ ძებნილთა სიაშია.

 

39
თემები:
კრიმინალი საქართველოში
მდგომარეობა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა

0
კორონავირუსის მეორე ტალღამ ქვეყნებს გაცილებით დიდი ძალით გადაუარა, ვიდრე პირველმა, და ინფიცირებულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 747 082-ით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მოყვანილ მონაცემებში.

ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 13 296 ადამიანი, რაც ასევე რეკორდული რიცხვია.

COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (405 ათასზე მეტი) და ევროპაში (236 ათასზე მეტი).

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 61,2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის აფეთქებას პანდემია უწოდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში