გიორგი შაქარაშვილი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: „ბავშვი ჩაახრჩვეს და გააყოლეს დინებას...“

300
(განახლებულია 16:03 26.07.2020)
მირიან ნიკოლაძის თქმით, სავარაუდოდ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა იმ ექვსმა პირმა, რომლებიც Toyota-ს მარკის მანქანიდან გადმოვიდნენ და გამოეკიდნენ გიორგის და მის ორ მეგობარს

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. ცალსახად დასტურდება ოჯახის ვერსია, რომ ის ექვსი პირი არიან გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირები, აცხადებს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე.

მისი თქმით, აღნიშნულს ადასტურებს გიორგის მეგობრების, ვახო ახვლედიანის ჩვენება და გური ამირხანაშვილის მიმართ ჩატარებული ბოლოდროინდელი საგამოძიებო მოქმედებები.

„ახვლედიანის ჩვენებამ, იგივე ამირხანაშვილის ბოლოდროინდელმა საგამოძიებო მოქმედებებმა ცალსახად დაადასტურა, რომ ის ექვსი პირი, ვისზეც ოჯახი იძახის, რომ არიან გიორგის განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირები, ეს ნამდვილად ასეა... ჩვენ ყველა ერთად ვხედავთ, რომ ჰქონდა ასეთ ვითარებას ადგილი – გამოკიდებული ხუთი ადამიანიდან სამი გამოყვა გამოქცეულ ბავშვებს, ამირხანაშვილს, გიორგი შაქარაშვილს და ახვლედიანს, გამოყვა ხიდის მიმართულებით, ხოლო ორი მათგანი ჩავიდნენ ამავე მანქანების ჩამოსახვევში, ანუ წინიდან მოუჭრეს გზა გიორგი შაქარაშვილს და ბავშვი მოაქციეს ალყაში... ყოველთვის ჩნდებოდა კითხვა – იმ ღამეში, ვიწრო ბილიკზე, რატომ მიიღო ბავშვმა გადაწყვეტილება, რომ ფერდობზე დაშვებულიყო და ჩაერბინა არაგვის მიმართულებით. აი, სწორედ ამიტომ, რომ მას წინიდან გასაქცევი აღარ ჰქონდა და წინ დახვდნენ, მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს პირები ჩაყვნენ შემდგომ მას. მდინარე არაგვის პირას განახორციელეს მასზე ფიზიკური ძალადობა და ბოლოს უკვე მდინარეში დაახრჩვეს. ამ პირებმა ყველამ მიიღეს მონაწილეობა როგორც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, ასევე მის განზრახ მკვლელობაში“, - აცხადებს ნიკოლაძე.

მისი თქმით, გამოძიება ელოდება დამატებითი ექსპერტიზის პასუხებს. თუმცა რთული დასადგენია, იმ დროს გიორგი იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, თუ შეეძლო რაიმე ქმედება განეხორციელებინა.

„დაზიანების მიყენებისთანავე ბავშვი ჩაახრჩვეს და გააყოლეს დინებას“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ძებნიდან მეოთხე დღეს არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის მდინარეში დაიხრჩო. მის გაუჩინარებამდე ახალგაზრდების ორმა ჯგუფმა, რომელთა შორის ფეხბურთელიც იყო, იჩხუბა. შედეგად პოლიციამ 18 ადამიანი დააკავა, მათ შორის ექვსი – არასრულწლოვანი.

ამჟამად საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანთა კოდექსის ნორმების მოთხოვნების გამო, ჩხუბის საქმის ორ ნაწილად გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო არასრულწლოვან ბრალდებულებზე დაიწყება 31 ივლისს, ხოლო სრულწლოვანებზე – 31 აგვისტოს.

პროკურატურა ასევე არ გამორიცხავს, რომ რომელიმე დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებებში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალი წარუდგინოს.

ქართულ მასმედიაში შეძლეს გამორკვევა, რომ საქმეშია ვიღაც მოწმის ჩვენება, რომელმაც ახალგაზრდების საუბარი მოისმინა, რომლის დროსაც ერთ–ერთმა აღიარა, რომ შაქარაშვილი მდინარეში გადააგდეს.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ამ დროისთვის ისინი დნმ–ის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

300
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (72)
ძალადობა

ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 31 წლის მამაკაცი დააკავეს

28
(განახლებულია 12:01 24.09.2020)
ოჯახური ძალადობა დღემდე ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულია საქართველოში. საგამოძიებო ორგანოებმა ნახევარ წელიწადში ამ მხრივ 2,6 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

თბილისი, 24 სექტემბერი  — Sputnik. სამართალდამცველებმა  ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით  31 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა  39 წლის ყოფილ მეუღლეს სახლში მიაკითხა, იძულებით ჩასვა ავტომობილში და  სოფელ დაბის მიმართულებით ტყისკენ წაიყვანა, სადაც, უთანხმოების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11 პრიმა 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ძალადობასა და მუქარას გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხ წლამდე ვადით პატიმრობას.

ოჯახური ძალადობა დღემდე ყველაზე გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულია საქართველოში. საგამოძიებო ორგანოებმა ნახევარ წელიწადში ამ მხრივ 2,6 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ამასთან, ამავე პერიოდში ოჯახური ძალადობის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, დაიჭრა – 12.

ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად 2014 წელს გამოიყო. ამა თუ იმ საქმის განხილვისას ის დამამძიმებელი გარემოებაა. კანონმდებლობის გამკაცრება ხელისუფლებამ ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 14 ადამიანი გახდა.


28
თემები:
კრიმინალი საქართველოში
დაკავება

კიბერდანაშაულის სქემა გახსნილია: დაკავებულია ორი პირი

49
(განახლებულია 13:48 24.09.2020)
პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, საბანკო პლასტიკური ბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

თბილისი, 24 სექტემბერი  — Sputnik. სამართალდამცველებმა ოზურგეთში კიბერდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 და 30 წლის მამაკაცებს  ბრალად ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28 აპრილსა და 6 ივნისს ერთ–ერთმა ბრალდებულმა  მის მიერ კუსტარულად აწყობილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით მოახერხა ქალაქ სენაკსა და ქალაქ ზესტაფონში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პროგრამული უზრუნველყოფის გასაღების, ე.წ. „დონგლის“ კოდის გაწერა. 

„ერთ–ერთმა დაკავებულმა კუსტარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით, ონლაინ–ტოტალიზატორის მის მიერვე შექმნილ, არავერიფიცირებულ და ერთ-ერთი მომხმარებლის ვერიფიცირებულ ანგარიშებზე თაღლითური გზით გადარიცხა 7 ათასი ლარი. აღნიშნული თანხის ნაწილი – 2 ათასი ლარი მეგობართან ერთად გაანაღდა, რომელიც ამავე ონლაინ–ტოტალიზატორის მომხმარებელია. თანხის  მეორე ნაწილი კი – 5 ათასი  ლარი  ქობულეთში მდებარე ერთ-ერთი ბანკომატიდან თავად გამოიტანა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, საბანკო პლასტიკური ბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 284-ე მუხლის მეორე, 286–ე მუხლის მესამე და 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც სამიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

49
თემები:
კრიმინალი საქართველოში
საკლასო ოთახი

როდის განახლდება სწავლა სკოლებში მთავრობის გადაწყვეტილება

0
(განახლებულია 14:29 24.09.2020)
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4399 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1705  პაციენტი

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. 1 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის  I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან,   განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის გარდა ყველა რეგიონს ეხება. 

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციური სწავლება მიმდინარეობს, აჭარის რეგიონის გარდა, 1 ოქტომბრიდან  I-VI  კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან.  ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთსა და გორს, 1 ოქტომბრიდან  სკოლებს ყველა კლასის მოსწავლე დაუბრუნდება. გარდა ამისა, მშობლებს დისტანციური სწავლების მეთოდის შერჩევის საშუალება ექნებათ“, -განაცხადა მეზრიშვილმა.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 259-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4399 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1705  პაციენტი, გარდაიცვალა 26 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0