ქალი ქუჩაში

„სახლში აგრესიული და ნამტირალევი მოდიოდა" 23 წლის გოგონას დაღუპვის დეტალები

7029
(განახლებულია 19:22 22.07.2020)
გოგონას ოჯახი არ გამორიცხავს, რომ თამარის გაუჩინარება და დაღუპვა სამსახურის პრობლემებს უკავშირდებოდეს.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გოგონას სამსახურში კონფლიქტი ჰქონდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს მეოთხე დღეა ეძებენ>>

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ მანქანაში აღმოაჩინეს. როგორც გოგონას ოჯახის ახლობლები აცხადებენ, მას თეთრიწყაროს რაიონთან არაფერი აკავშირებდა. ბაჩალიაშვილი სახლიდან საკუთარი ავტომობილით 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრებმა მაშინვე მისი ძებნა დაიწყეს. ვიდეოკამერამ მისი ავტომობილი ჯერ მარნეულთან დააფიქსირა, შემდეგ – თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშთან. თვითმხილველებმა ბოლოს ის ხაიშის მეზობელ სოფელ გოლთეთში შენიშნეს. ამის შემდეგ ბაჩალიაშვილის კვალი წყდება.

„რომ მოდიოდა, სულ აგრესიული იყო, ორჯერ–სამჯერ ნამტირალევიც დავინახე. არ მეუბნებოდა არაფერს", – აღნიშნა თამარის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, გოგონა ბოლო დროს გაღიზიანებული იყო. აქედან გამომდინარე, მამა ვარაუდობს, რომ თამარს სამსახურში პრობლემები ჰქონდა. მშობლებმა ზუსტად არ იციან, კონკრეტულად რას საქმიანობდა გოგონა. მამამ რამდენჯერმე დააპირა მასთან ოფისში მისვლა, მაგრამ თამარმა ამის ნება არ მისცა.

თამარ ბაჩალიაშვილი პროგრამისტი იყო. ის გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე სამსახურიდან, IT კომპანია "ზაგიდან" წავიდა.

ეს ფაქტი ოჯახს კითხვებს უჩენს. მომხდარის მთავარ ვერსიად ისინი თავისუფლების უკანონო აღკვეთას ასახელებენ.

რაც შეეხება საგამოძიებო ღონისძიებებს, გამოძიების დაწყებიდან მესამე დღეს მისი ბინიდან, გამოძიებისთვის რამე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ამოიღეს პირადი კომპიუტერი. მაგრამ თავდაპირველად, არსებული ინფორმაციით, კომპიუტერში შესვლა ვერ მოხერხდა, როგორც ჩანს, ის დაშიფრული იყო.

მიუხედავად ამისა, გოგონას მამის განცხადებით, გუშინ მათ გამომძიებელმა დაურეკა და აცნობა, რომ შეძლეს კომპიუტერში არსებული ინფორმაციის შესწავლა, რის საფუძველზეც დაასკვნეს, რომ თამარს პრობლემები ჰქონდა, თუმცა რა სახის – ამის შესახებ ოჯახისთვის არ უცნობებიათ.

გარდა ამისა, ოჯახის წევრები უკმაყოფილო დარჩნენ საგამოძიებო ღონისძიებებით და იმით, რომ გოგონა რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ იპოვეს. ამასთან დაკავშირებით თამარის ახლობლებმა და მეზობლებმა აქცია მოაწყვეს, სადაც მოითხოვეს გოგონას სატელეფონო ზარების ნახვა, სატელეფონო საუბრების მოსმენა, პირადი მიმოწერის ნახვა, ახლობლების გამოკითხვა და ა.შ.

სოფელ გოლთეთში ჩასვლასა და გოგონას ძებნაში ჩართვას ოჯახის წევრები დღესაც აპირებდნენ, მაგრამ უკვე მისი დაღუპვის ამბავი შეიტყვეს.

განცხადება გააკეთეს კომპანია „ზაგშიც". კომპანიის დირექტორის თამარ კობერიძის განცხადებით, გოგონამ სამსახურიდან წასვლის შესახებ მათ წინა კვირაში აცნობა.

„თამუნა 2017 წელს შემოგვიერთდა როგორც სტაჟიორი და მას შემდეგ ბევრი წინსვლა ნახა ჩვენთან. ვიცნობთ როგორც ძალიან კარგ თანამშრომელს. მან წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის მანძილზე რამდენიმეჯერ ჰქონდა გაჟღერებული, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა", – განაცხადა კობერიძემ.

კომპანიის დირექტორის თქმით, თამარი მას ორშაბათს უნდა დაკავშირებოდა.

მასმედიის ვერსიები

ტელეკომპანია Formula-ს მონაცემებით, ავტომობილი, რომელშიც ბაჩალიაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს, იპოვა მწყემსმა და არა პოლიციამ. გოგონა ავტომობილის უკანა სავარძელზე იმყოფებოდა. სხეულის პირველადი დათვალიერებით მას ჭრილობები არ აღენიშნებოდა. შესაძლოა, მან გარკვეული მედიკამენტები მიიღო.

ტელეარხის მეორე ვერსიით, ავტომობილი, შესაძლოა, აღმოჩენის ადგილზე დღეს მიიყვანეს.

როგორც „მთავარი არხი" იუწყება, ავტომობილი გოგონას ცხედრით გზასთან ახლოსაა, ამიტომ აქტიური სამძებრო სამუშაოების შემთხვევაში მისი შემჩნევა რთული არ იქნებოდა. ეს ადგილი სოფელ გოლთეთიდან, სადაც გოგონას კვალი დაიკარგა, დაახლოებით ორ კილომეტრშია.

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამარის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ მყვინთავები, ასევე ჩართული იყო დრონები და ვერტმფრენები. მაგრამ, „მთავარი არხის" ინფორმაციით, ამ ადგილზე ავტომობილის პოვნა დრონის მეშვეობით შეუძლებელი იქნებოდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „თავისუფლების უკანონო აღკვეთა". შსს-ს ამ საქმეზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ადგილზე იმყოფებიან გამომძიებლები, ექსპერტ-კრიმინალისტები, კინოლოგები, გოგონას მამა, ძმა და ნათესავები. ტერიტორია, სადაც ავტომობილი აღმოაჩინეს, ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

7029
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1122)
სასწრაფო დახმარება რუსთავში

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობაზე მუშა დაშავდა

74
(განახლებულია 19:23 24.09.2020)
წინასწარი ინფორმაციით, მუშა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას ამობრუნებულმა ამწემ ქვეშ მოიყოლა.

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. რუსთავში,  სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ მშენებლობაზე მუშა დაშავდა, იუწყება საქართველოს „პირველი არხი“.

სამშენებლო სამუშაოს შესრულებისას ამწე ამობრუნდა და, სავარაუდოდ, მუშა ქვეშ მოიყოლა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, წელიწად-ნახევარში (2018 წელი და 2019 წლის იანვარი-ივნისი) სამუშაო ობიექტებზე დაიღუპა 84 და დაშავდა 270 მუშა.

74
თემები:
შემთხვევები საქართველოში
სასწრაფო დახმარება

გურიაში ყურძნით დატვირთული მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

100
(განახლებულია 21:21 24.09.2020)
ჩოხატაურის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ორი ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ლანჩხუთის რაიონში მიკროავტობუსი დაახლოებით 8-მეტრიან ხევში გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც ჩოხატაურის უღელტეხილზე მოხდა, ორი ადამიანი დაშავდა. მიკროავტობუსი ყურძნით იყო დატვირთული.

ექვსი თვის საშიში სტატისტიკა: რამდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოში ავარიების შედეგად>>

რა გახდა ავარიის მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

100
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ლაბორატორია

მიტროპოლიტი გერასიმე კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას  გეგმავს

0
(განახლებულია 10:10 25.09.2020)
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრეს–ცენტრი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამავე ეპარქიის მიტროპოლიტის გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. 

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მგალობელს კორონვირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებული ამავე ეკლესიის მესანთლე ქალის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი 22 სექტემბერს გამოუვლინდა. მგალობელი ეკლესიაში წირვაზე იმყოფებოდა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრეს–ცენტრი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამავე ეპარქიის მიტროპოლიტის გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. 

„ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს, რომელიც თბილისიდან  ამ დღეებში დაბრუნდა. თავად მიტროპოლიტი გერასიმე PCR–ტესტის ჩატარებას დღეს გეგმავს“, – ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, PCR–კვლევა ჩაუტარდა ინფიცირებული მესანთლე ქალის კონტაქტებს. მათი პასუხები უარყოფითია. მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია ტაძრის მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში