ვაჟა-ფშაველას გამზირზე ძლიერი აფეთქება აღკვეთეს - ვიდეო

გამოწერა
სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირი ტექნიკური ნორმების დარღვევით შეიყვანეს.

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-4 კვარტალში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.

ცხელ ხაზზე დარეკა მოქალაქემ, რომელმაც მრავალბინიან კორპუსში გაზის სუნი იგრძნო. ადგილზე მისულმა „თბილისის ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტებმა, სპეციალური აპარატურით, კორპუსის შემოწმებისას დაადგინეს, რომ ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში, გაზის ძალიან მაღალი კონცენტრაცია იყო. მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის სასწრაფოდ გადაიკეტა გაზის მიწოდება.

კომპანიის მონაცემებით, საცხოვრებელი სახლის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ბინაში, სადაც რემონტი მიმდინარეობს, გაზგაყვანილობა ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული, 15 მეტრის სიგრძეზე გადაჭიმული ე.წ რეზინის გაზის მილი კი ერთ ადგილას გადაჭრილი. სწორედ ამ მილიდან ჟონავდა გაზი.

„კომპანიის სპეციალისტების მიერ აღებული მონაცემებით, გაზის კონცენტრაციას ძლიერი აფეთქების გამოწვევა შეეძლო. რაც ძალიან დიდი ალბათობით დააზიანებდა საცხოვრებელ კორპუსს და შესაძლოა მსხვერპლიც მოჰყოლოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას ბუნებრივი აირის მოხმარების წესების დაცვისკენ მოუწოდებს. გაჟონვის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე 114 40 40 04 ან სწრაფი  რეაგირების სამსახურში - 114.

ყველა ახალი ამბავი
0