ხანძარი სვანეთის ტყეში

სვანეთში ტყის მასივში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება

83
დღის მეორე ნახევარში ადგილზე გაძლიერდა ქარი, ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ართულებს ძლიერი სიცხე და მთიანი რელიეფი

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. მეხანძრე-მაშველები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში ხანძრის ჩაქრობას დილიდან განაახლებენ.

კლდის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დროისთვის შეწყვეტილია. ვერტმფრენები ღამით ფრენებს ვერ ახორციელებენ.

დაკვამლიანებაა სოფელ იდლიანში. ხანძრის სიახლოვეს დაახლოებით 11 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანების გამო, ბავშვები სახლიდან გაიყვანეს.

იდლიანში იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი. ის ადგილზე გაეცნო ვითარებას. მისი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო ჯგიფები ადგილზე დარჩებიან.

„დილიდან კვლავ განახლდება სამუშაოები. ამ ეტაპისთვის მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის, თუმცა თუ ეს გახდება საჭირო, მობილიზებული მაშველები ადგილობრივებთან ერთად უზრუნველყოფენ მათ ევაკუაციას“, – განაცხადა პირველი არხის ეთერში ნინო ვიბლიანმა.

დღის მეორე ნახევარში ადგილზე გაძლიერდა ქარი, ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ართულებს ძლიერი სიცხე და მთიანი რელიეფი. ამან დამატებითი ძალების მობილიზება გამოიწვია.

სვანეთში მიემგზავრება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა სხვადასხვა რეგიონებიდან 80 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ადგილზე იმუშავებს დამატებით 5 სახანძრო-სამაშველო ავტოცისტერნა და 2 - 10 ტონიანი წყალმზიდი.

სულ პროცესში ჩაერთვება 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ტერიტორიაზე მუშაობას გააგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს დღის მეორე ნახევარში შევიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. ხანძარი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

83
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1637)
საპატრულო პოლიცია

საზარელი ავტოავარია აჭარაში დაღუპულია ერთი ოჯახის სამი წევრი

118
(განახლებულია 13:57 10.08.2020)
დაღუპულებიდან ერთი ასაკოვანი ქალია, მეორე მისი რძალი და მესამე – არასრულწლოვანი შვილიშვილი. კიდევ ოთხი ადამიანი საავადმყოფოებში მოათავსეს

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მახინჯაურში ავტომობილი ადამიანების ჯგუფს დაეჯახა. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი – არასრულწლოვანი, განუცხადეს Sputnik–საქართველოს შსს–ს პრეს–სამსახურში.

უწყების ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

ყველა დაღუპული ერთი ოჯახის წევრია: ქალი, მისი რძალი და არასრულწლოვანი შვილიშვილი. მათი ცხედრები სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში განათავსეს.

დაშავებულები მძიმე დაზიანებებით სხვადასხვა კლინიკაში მოათავსეს.

გამოძიებას შსს აწარმოებს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით.

118
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1637)
სვანეთი

კორონავირუსის ახალი კერა სვანეთში: რა მოხდა სოფელ ლენჯერში

192
(განახლებულია 14:43 10.08.2020)
დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები დილიდან მუშაობენ სვანეთის რეგიონში ახალი შემთხვევებისა და მათი კონტაქტების დადგენის მიზნით.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განაცხადა.

„რეგიონში გვაქვს კორონავირუსის ახალი შემთხვევები. იკვეთება მესტიის მუნიციპალიტეტში ერთი ოჯახი, რომელსაც ჰყავდა სტუმარი და, სავარაუდოდ, ვირუსი გადაედოთ მისგან. ვირუსი გადაედოთ ამ ოჯახის კონტაქტებსაც. საუბარია სულ 17 დადასტურებულ შემთხვევაზე. აქედან მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი არის 7 მათგანი. პაციენტები მოთავსებული არიან თბილისისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში. ნაწილის გადმოყვანა ხდება ახლა და მოთავსდებიან როგორც ზუგდიდის, ასევე სხვა კლინიკებში. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ლაბორატორიული კვლევები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხუთი ბრიგადა დღეს მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სოფელში და მოხდება ყველა მცხოვრებისგან ბიოლოგიური მასალის აღება“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

როგორც სააგენტოს კორესპონდენტი იტყობინება, საუბარია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერზე. ამ დროისათვის სოფელი არ არის იზოლირებული, რადგან ეპიდემიოლოგები ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 1250 ადამიანია. ბოლო დღე-ღამეში ნახტომისებრი ზრდა დაფიქსირდა – გამოვლინდა 25 ახალი შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 1010 ადამიანი, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

 

ნიკა ლატარია

192
თბილისის ინფექციური საავადმყოფო

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები

0
(განახლებულია 14:10 10.08.2020)
ამ დოისთვის COVID–ცენტრებში 261 პაციენტი მკურნალობს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1010 ადამიანი გამოჯანმრთელდა

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ბოლო დღე–ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 16 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ამ დროისთვის საქართველოს COVIDცენტრებში 261 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 81%.

„25 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი პაციენტი არის გაჩიანიდან, 16 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 გახლავთ იმპორტირებული, ანუ შემოტანილი შემთხვევა, 1 პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, ხოლო 1 პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენისა და წყაროს დადგენის მიზნით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსზე 27 პაციენტი მკურნალობს.

„უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა შვიდი და დაემატა ექვსი ახალი პაციენტი. დღესდღეობით გვყავს 27 დადასტურებული შემთხვევა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

კორონავირუსი მსოფლიოში – 10 აგვისტოს მონაცემები>>

ექიმები ორი პაციენტის მდგომარეობას, COVID-19–ის მიმდინარეობისა და თანმდევი დაავადებების გათვალისწინებით, აფასებენ, როგორც მძიმეს. დანარჩენების მდგომარეობა ძირითადად საშუალო სიმძიმისაა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 1250. ამასთან, ბოლო 24 საათში კლინიკებიდან გაეწერა 10 ადამიანი. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1010 ადამიანი, გარაიცვალა – 17.

კარანტინში მოთავსებულია 6 930 ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 263.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია ქვეყნის 41 მოქალაქე.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში