კიბერ–დანაშაული

ეროვნული ბანკი მოსახლეობას ონლაინ-ოპერაციების შესრულებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

162
(განახლებულია 16:00 03.07.2020)
ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ აღწერილი ფორმით ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვების სქემას ფიშინგი ეწოდება.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციებისთვის ფინანსური სახსრების გამოყენების დროს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებ-გვერდზე შესვლისას დახვდათ შეტყობინება სხვადასხვა სახის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. 

„გათამაშებაში მონაწილეობის მიღების ან შემდგომ პრიზების მისაღებად პირადი მონაცემების, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება მოითხოვებოდა. შეტყობინებებში დამატებით მითითებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპრიზო თანხის მონაწილისთვის გადარიცხვის შესახებ, რაც ცალსახად არასწორი ინფორმაციაა... ზემოაღნიშნული მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მხრიდან სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ზემოთ აღწერილი ფორმით ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვების სქემას ფიშინგი ეწოდება.

ფიშინგი წარმოადგენს კიბერდანაშაულს, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას კიბერთაღლითის მიერ ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელით იმისთვის, რომ მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს.

ფიშინგის დროს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული სარეკლამო შეტყობინების ან ელექტრონული მეილის საშუალებით მიღებული ბმულის საშუალებით მომხმარებელი ყალბ ვებ-გვერდზე შედის/გადადის, სადაც პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება კიბერთაღლითების მიერ ფინანსური ოპერაციების თაღლითური გზით განხორციელების რისკს ზრდის, აღნიშნულია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მიმართავს და ნებისმიერ გათამაშებაში თუ სხვადასხვა ორგანიზაციის ვებ-გვერდის/ინტერნეტ-ბანკის გამოყენებისას და ინტერნეტ-გადახდების განხორციელებისას მოუწოდებს, დაიცვან შემდეგი წესები:

1. არ გადასცეთ სხვა პირებს საკუთარი პირადი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება; 

2. გადაამოწმეთ ვებ-მისამართი. ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის ვებ-მისამართი, სადაც აპირებთ მონაცემების შეყვანას;

3. უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შემოთავაზებებს;

4. შეაფასეთ ვებ-გვერდის შიგთავსი. ყალბი ვებ-გვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებ-გვერდის მსგავსი იყოს; 

5. გადაამოწმეთ ვებ-გვერდის მფლობელი. ინტერნეტში შესაძლებელია WHOIS მომსახურების ვებ-გვერდის მოძიება, სადაც მომხმარებელს კონკრეტული ვებ-მისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია;

6. გადახდის სანდო წყარო. ოფიციალური ვებ-გვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის მეშვეობით. თუ ვებ-გვერდი, რომელზეც მომხმარებელი იმყოფება, იძლევა გადახდის მხოლოდ ერთ მეთოდს, ეს, დიდი ალბათობით, ყალბი ვებ-გვერდია. 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე" – 2 406 406. 

162
პოლიციის ლენტი

გარდაბანში არსებულ წყალსაცავში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს

18
ხელოვნური წყალსაცავი გარდაბანში არსებულ „თბილსრესთან“ მდებარეობს. მაშველები მოზარდებს ორი საათის განმავლობაში ეძებდნენ.

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. გარდაბანში, წყალსაცავში მაშველებმა ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს, იუწყება „პირველი არხი“.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოს მკვიდრი  მოზარდები წყალსაცავში საბანაოდ ჩავიდნენ. 15 წლის მოზარდი წყლიდან ამოსვლას ვეღარ ახერხებდა და მის დახმარებას 17 წლის მოზარდი შეეცადა, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე დაიხრჩო.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მყვინთავები. ამასთან, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც.

18
სასწრაფო დახმარება

სამეგრელოში წყლით სავსე ავზში ბავშვი დაიხრჩო

72
ახლობლებმა წყალში ჩავარდნილი ბავშვი ამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ხობში უბედური შემთხვევა მოხდა - ორი წლის ბავშვი ეზოში წყლით სავსე ავზში ჩავარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

ტელეარხის ცნობით, ბავშვი ეზოში თამაშობდა, წყლის ავზში სათამაშო ჩაუვარდა და როდესაც ამოღებას ცდილობდა, წყალში ჩავარდა.

ახლობლებმა ბავშვი წყლიდან ამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

72
ღვინო

ლონდონში ქართულმა ღვინომ ბრიტანელი ექსპერტების საუკეთესო შეფასება მიიღო

0
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო, რომელიც დიდი ბრიტანეთის ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის Swirl Wine Group ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა დაესწრო.

სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის ადგილობრივმა იმპორტიორებმა დეგუსტაციაზე 50-ზე მეტი ქართული ღვინის სხვადასხვა ბრენდი წარმოადგინეს, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე.

„წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინოები, რომლებიც ამ ეტაპზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ცდილობენ ქართული ღვინის სტრატეგიულ, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ღვინის დეგუსტაცია  ლონდონის პრესტიჟულ რესტორან Trivet-ში ჩატარდა, რომლის ღვინის მენიუც შედგენილია ღვინის განსაკუთრებულ ისტორიაზე დაფუძნებით. ამ აღიარებულ რესტორანში საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, შესაბამისი ადგილი უკავია მსოფლიოს სხვა საუკეთესო ღვინოებს შორის.

0