თბილისის ხედი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის მამა ინსპექტორის სამსახურში გამოიკითხა

698
(განახლებულია 19:39 27.06.2020)
არასრულწლოვანის მშობელმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა გამოკითხეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მიმართ მცხეთის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში ფიზიკური ზეწოლა მოხდა. შესაძლო ზეწოლის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ორი მუხლით (333-ე მუხლი -  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და 335-ე მუხლი - განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება) იძიებს. 

„მე ამ სამსახურს ვენდობი და ვუთხარი, რა ძალადობაც მოხდა. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა იყო. იქვე არ გამომითქვამს, რადგან შემეშინდა, ჩემი შვილისთვის უფრო მეტი ზიანი არ მიეყენებინათ“, – განაცხადა არასრულწლოვნის მამამ  გამოკითხვის შემდეგ.

ადვოკატ გიორგი გელხაურის  განმარტებით,  დაკავებული არასრულწლოვანის მშობელმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„მან დეტალურად განუცხადა გამომძიებელს, როგორ, სად და ვინ მოახდინა ზეწოლა მის შვილზე, მან გადასცა ყველა ის ინფორმაცია და მაიდენტიფიცირებელი ნიშანი იმ პიროვნების, რომელმაც მოახდინა ზეწოლა არასრულწლოვანზე… სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სწრაფი რეაგირებით მოახდინა მოწმეთა გამოკითხვა და გამოძიების დაწყება. ერთხელ და სამუდამოდ ყველა პოლიციელმა უნდა იცოდეს, რომ არც ერთი მოწმის, დაკავებულის და არც ერთი ბრალდებულის მიმართ არ შეიძლება განახორციელო ზეწოლა, ცემა“, - განაცხადა გელხაურმა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა ბრალდებით შსს-მ 17 ადამიანი გუშინ დააკავა. მათგან  სამი - ძალადობის, ოთხი – ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ერთი – ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ოთხი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ხუთი კი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებითაა დაკავებული. დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინათ. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულთა ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.

გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის 18 ივნისს მცხეთაში სტუმრად მყოფ ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის კონფლიქტი მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.

ჩხუბის შემდეგ კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ავტომობილებით მცხეთაში გაემგზავრა.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, სოფელ ნარეკვავთან ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ ახალგაზრდებს და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავდასხმის დროს გიორგი შაქარაშვილი და მისი მეგობარი მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ. ახალგაზრდებმა შაქარაშვილის მეგობრის დაჭერა მოახერხეს, გიორგი კი მათ ხელიდან დაუსხლტა. ამის შემდეგ მისი კვალი ქრება.

19 წლის ფეხბურთელს 70-მდე მაშველი და მყვინთავი ოთხი დღის განმავლობაში ეძებდა. შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

 

698
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (33)
თბილისის საქალაქო სასამართლო

რა ღირს დავით ცინარიძის თავისუფლება: საპატრულო პოლიციის ექს-უფროსს გირაო შეუფარდეს

43
(განახლებულია 12:53 15.07.2020)
საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს ოჯახური ძალადობა ედება ბრალად. გამოძიების ცნობით, იგი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და მოკვლით დაემუქრა

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პოლიციამ ცინარიძე მიმდინარე წლის 28 აპრილს, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამასთან, მას ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა, თან ერთხელ გაისროლა კიდეც. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბრალდებულის ადვოკატის კახა ხვისტანის თქმით, ცინარიძის პატიმრობაში ყოფნის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. იგი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს გამამართლებელ განაჩენს გამოუტანენ.

დავით ცინარიძეს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 2015 წელს ეკავა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ოჯახური ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის მუხლებით, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

43
თემები:
კრიმინალი საქართველოში
მდინარე ჯუმი

მდინარეში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

69
(განახლებულია 15:31 15.07.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი მდინარესთან საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

სოფლის რწმუნებულის მამუკა ჯოლოგუას თქმით, ორდღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული არასრულწლოვანის ცხედარი გაუჩინარების ადგილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში ქვიშაში ჩაფლული იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი მდინარესთან საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა.

ბიჭი ადგილობრივებმა ბოლოს 13 ივლისს ნახეს.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო–ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ასევე მობილიზებული იყო დრონი და ექოლოტი.

69
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია

კაკულია: აია სოფიას ისევ მეჩეთად გადაქცევა, ძალიან ძვირი დაუჯდება თურქეთს

0
(განახლებულია 14:58 15.07.2020)
ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სტამბულში აია სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას ეხმიანება.
კაკულია: აია სოფიას ისევ მეჩეთად გადაქცევა, ძალიან ძვირი დაუჯდება თურქეთს
„თურქები ყოველთვის ცდილობდნენ, ისევ მეჩეთად გადაექციათ აია სოფია – ბიზანტიური მართლმადიდებლური ტაძარი. მაგრამ მათი მცდელობები არასდროს არ მთავრდებოდა სიკეთით... და ვხედავ, ახლაც ასე მოხდება. წმიდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაქცევა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ იქ ქრისტიანული ჯვარია დავანებული და ის ენერგეტიკა ტრიალებს, რომელიც პირდაპირ კოსმოსიდან მოდის. ამიტომ ეს ნაბიჯი — აია სოფიას ისევ მეჩეთად გადაქცევა, ძალიან ძვირი დაუჯდება თურქეთს“, - ამბობს კაკულია.

რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა,  რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, აია სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი შეეცვალა და მეჩეთად გადაკეთდა.

 

0