პოლიციის განყოფილება

გიორგი შაქარაშვილის საქმე: ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

1213
(განახლებულია 13:03 27.06.2020)
დაკავებული ახალგაზრდების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები წარდგენილ ბრალდებებს არ ეთანხმებიან

თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი ოფიციალურად მცხეთის იზოლატორში წარუდგინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა ბრალდებით შსს-მ 17 ადამიანი გუშინ დააკავა. მათგან  სამი - ძალადობის, ოთხი – ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ერთი – ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ოთხი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ხუთი კი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებითაა დაკავებული.

ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის, არჩილ ბერიანიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯგუფურ ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მისი თქმით, ჩიქოვანი უდანაშაულოა.

„კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ვახტანგ ჩიქოვანი არის უდანაშაულო. დღეს პროკურატურამ ჩიქოვანი დაზარალებულად ცნო. ეს ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ვახტანგ ჩიქოვანს არ ჩაუდენია არანაირი კანონდარღვევა. ჩიქოვანს თავზე დაზიანება აქვს, ანუ მასზე განხორციელდა ძალადობა და ეს ადამიანი არის დღეს დაზარალებულად ცნობილი“, – განაცხადა  არჩილ ბერიანიძემ.

ამ წუთებში თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვა ბრალდებულებისთვისაც ბრალის ოფიციალური წარდგენა მიმდინარეობს. დაკავებულთა შორის არიან: არასრულწლოვანი პირი, მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე, ასევე ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე. ოთხივეს ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ ეთანხმებიან.

გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის 18 ივნისს მცხეთაში სტუმრად მყოფ ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის კონფლიქტი მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.

ჩხუბის შემდეგ კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ავტომობილებით მცხეთაში გაემგზავრა.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, სოფელ ნარეკვავთან ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ ახალგაზრდებს და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავდასხმის დროს გიორგი შაქარაშვილი და მისი მეგობარი მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ. ახალგაზრდებმა შაქარაშვილის მეგობრის დაჭერა მოახერხეს, გიორგი კი მათ ხელიდან დაუსხლტა. ამის შემდეგ მისი კვალი ქრება.

17 დაკავებული და მაინც გაუხსნელი საქმე: რომელ თაროზე აღმოჩნდება გიორგი შაქარაშვილის საქმე >>

19 წლის ფეხბურთელს 70-მდე მაშველი და მყვინთავი ოთხი დღის განმავლობაში ეძებდა. შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

 

1213
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (26)
დაკავება

ზუგდიდში „ტყის ძმების“ ლიდერის შვილი ნარკოდანაშაულზე დააკავეს

34
დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები - „მეტადონი” და „ლირიკა”. ასევე ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. „ტყის ძმების“ ყოფილი ლიდერის დათო შენგელიას შვილის, 38 წლის დადუ შენგელიას დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

სპეცოპერაცია ზუგდიდში დღეს რამდენიმე საათს მიმდინარეობდა.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შენგელია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - „მეტადონი” და „ლირიკა” ამოიღეს.

ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

34
თემები:
კრიმინალი საქართველოში
პოლიციის ლენტი

ზუგდიდში სპეცოპერაცია ჩატარდა: დეტალები

75
დადუ შენგელიას დაკავებასთან შსს-ში კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, სავარაუდოდ, სპეცოპერაცია ნარკოტიკებს და უკანონო იარაღს უკავშირდება

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ზუგდიდში სპეცოპერაცია ჩატარდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

უკვე სამ საათზე მეტია ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური რაზმის წარმომადგენლები და ზუგდიდის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები „ტყის ძმების“ ყოფილი ლიდერის დათო შენგელიას შვილს, დადუ შენგელიას საცხოვრებელ სახლს ჩხრეკენ. ჩხრეკას თავად დაკავებული და მისი უფლებადამცველი ესწრება. არსებული ინფორმაციით, პოლიციელები ნარკოტიკულ საშუალებასა და ცეცხლსასროლ იარაღს ეძებენ.

სპეცოპერაცია ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ ჩატარდა. შსს-ში დადუ შენგელიას დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა, ერთერთი ვერსიით კი გამოძიება მას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა მოხმარებასა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებას ედავება.

ნიკა ლატარია

75
თემები:
კრიმინალი საქართველოში