სპეცნაზი სტამბოლში

„ლავასოღლი“ თურქეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს

584
(განახლებულია 16:30 21.06.2020)
თურქულმა მხარემ კრიმინალურ ავტორიტეტს რამდენიმე დღე მისცა ქვეყნის დასატოვებლად. ლავასოღლი პირველივე ავიარეისით მინსკში ჩაფრინდა.

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. ცნობილი კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, მეტსახელად „ლავასოღლი“ თურქეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

პროკურატურის მონაცემებით, 2014-2015 წლებში „ლავასოღლის“ კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, იღებდა მათგან ინფორმაციას კრიმინალურ სამყაროში არსებულ ვითარებაზე და აძლევდა მითითებებს თავისი გავლენის გასაძლიერებლად. იგი მონაწილეობდა ასევე ქურდული „ობშჩაკის“ შეგროვებაში.

თურქულმა მხარემ მას რამდენიმე დღე მისცა ქვეყნის დასატოვებლად. ლავასოღლი პირველივე ავიარეისით მინსკში ჩაფრინდა. ის ბელორუსის პოლიციამ დააკავა და ამ ეტაპზე, საემიგრაციო სამსახურში იმყოფება.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ქართულ მხარეს უკვე დაუკავშირდა ბელორუსის ოფიციალური უწყებები ექსტრადირების თაობაზე, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია, როდის გადმოსცემენ მინდია გორაძეს საქართველოს.

მას შემდეგ, რაც „ლავასოღლი“ თურქეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს, ბათუმში შეწყდა მისი ოჯახის წევრების და ახლობლების აქცია, რომელიც ივნისის პირველი რიცხვებიდან მიმდინარეობდა.

შეხლა-შემოხლა პოლიციასთან: ბათუმში „ლავასოღლის“ მხარდამჭერები დააკავეს – ვიდეო >>

აქციის მონაწილეები „ლავასოღლის“ თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებას მოითხოვდნენ. 17-მა პირმა შიმშილობა დაიწყო, ოთხმა კი პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

2019 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძეს დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით პატიმრობა ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო. კიდევ უფრო ადრე, 2018 წლის ივლისში ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძე დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ მუხლებით: „კანონიერი ქურდობა“, „ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზება“ და „ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა“ და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2019 წლის თებერვალში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

584
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1128)
მეხანძრე–მაშველები

ხანძარი ელიავას ბაზრობაზე: ექსპერტ–კრიმინალისტები მიზეზებს ადგენენ

35
(განახლებულია 11:55 29.09.2020)
ხანძრის შედეგად მიღებული ზარალის დათვლა მოგვიანებით დაიწყება. მოვაჭრეების ნაწილის განცხადებით, მათ საქონელი დაზღვეული ჰქონდათ. 

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik.  თბილისში, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე არიან შეკრებილი. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ხის საამქროში  ღამის საათებში გაჩნდა და რამდენიმე მაღაზიაზე გავრცელდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა, დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის გავრცელების შეკავება.

მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დაახლოებით 40 წუთში შეძლეს. ადგილზე 16 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მთელი ღამის განმავლობაში ბაზრობაზე ძლიერი დაკვამლიანები იყო. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ–კრიმინალისტები.

ხანძრის შედეგად მიღებული ზარალის დათვლა მოგვიანებით დაიწყება. მოვაჭრეების ნაწილის განცხადებით, მათ საქონელი დაზღვეული ჰქონდათ. 

35
თემები:
შემთხვევები საქართველოში
დაკავება

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

22
(განახლებულია 11:15 29.09.2020)
პოლიციამ ერთ–ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „ბუპრენორფინის“  შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 330 აბი ამოიღო.

 

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისში ორი პირი  ნარკოდანაშაულის დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს – იგი პარიზი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას „ბუპრენორფინის“  შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 330 აბი ამოიღო.

რაც შეეხება მეორე დაკავებულ პირს, იგი მამაკაცს საქართველოში ნარკოტიკული საშუალების შემოტანაში დაეხმარა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილით, 262-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს და ითვალისწინებს 8–დან  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

22
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში
რთველი

რთველი 2020: მევენახეებმა 207 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს

0
(განახლებულია 14:31 29.09.2020)
საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა

 

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში „რთველი 2020“-ის ფარგლებში ამ დროისათვის დაახლოებით 207 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. 

კახეთში ყურძნის მოსავლის აღების სეზონი 22 აგვისტოს დაიწყო. გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის საწარმოა ჩართული.

29 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 146 ათასი ტონა „რქაწითელი“, 52 ათასი ტონა „საფერავი“, 3,6 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.



0
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა