გუდაურში 12 წლის გოგონას დაღუპვა: დამნაშავე მამაკაცი ჩეხეთიდან ჩამოიყვანეს

CC BY-SA 2.0 / Daniel Juřena / Ostravaჩეხეთის პოლიცია
ჩეხეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველმა სასამართლო ინსტანციამ გაამართლა ბრალდებული, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ მამაკაცი დამნაშავედ უკვე იმდროს ცნო, როდესაც ის უცხოეთში იმყოფებოდა

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ჩეხეთიდან 12 წლის გოგონას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის ძებნილი ახალგაზრდა მამაკაცის ექსტრადირება განახორციელეს, იუწყება საქართველოს პროკურატურა.

უბედური შემთხვევა, რომლის შედეგადაც, გუდაურში 12 წლის გოგონა დაიღუპა, 2016 წლის 10 იანვარს მოხდა. 18 წლის მამაკაცმა  ვერ შეძლო თხილამურების დამორჩილება და გოგონას დაეჯახა. თავად ახალგაზრდა მძიმე დაზიანებებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.

გუდაური - Sputnik საქართველო
საქართველოში გამკაცრდება კონტროლი სამთო-სათხილამურო კურორტებზე

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის საფუძველზე, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებდა. აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

შემდგომში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მასზე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

უწყების ინფორმაციით, სასამართლოში დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 იანვარს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, ე.წ. „კუდები 3“ ტრასაზე თხილამურით სრიალისას გ.ლ.-მ უგულებელყო წინდახედულობის ნორმები, არ გაუწია კონტროლი თავის მოძრაობას, არ შეუფარდა სრიალის სიჩქარე და მანერა არსებულ პირობებს და გარემოს, არ შეარჩია წინა მოსრიალისთვის უსაფრთხო მარშრუტი და დისტანცია და უკნიდან, დიდი სისწრაფით შეეჯახა იმავე სასრიალო ტრასაზე მოსრიალე არასრულწლოვან 12 წლის ს.ტ.-ს, რომელიც შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

გუდაური - Sputnik საქართველო
გუდაურის სათხილმურო ტრასაზე 12 წლის გოგონა დაიღუპა

საქართველოს მიერ ძებნილი ლიპარტელიანი ჩეხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, მისი ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა. 

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის  თანამშრომლების მიერ ჩეხეთიდან ლიპარტელიანის ექსტრადირება განხორციელდა.

„დღეს ჩეხეთიდან ავსტრიის გავლით საქართველოში ექსტრადირებული იქნა ძებნილი პირი, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მისჯილი აქვს 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის დანაშაულისთვის“, - განაცხადა პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა.

ძებნილის  საქართველოში ეტაპირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის  თანამშრომლების მიერ განხორციელდა.

ყველა ახალი ამბავი
0