საქართველოს პროკურატურა

ბავშვთა პორნოგრაფია: საქართველოში ავსტრალიის მოქალაქეს 20 წლით პატიმრობა შეეფარდა

91
(განახლებულია 16:39 16.06.2020)
ავსტრალიისა და აშშ-ის მოქალაქეები საქმის მთავარი ფიგურანტები არიან. სასამართლომ ავსტრალიის მოქალაქე ბრალდების ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნო.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია ე.წ. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე და საქართველოს ორი და ავსტრალიის ერთი მოქალაქე ბრალდებულად ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ბრალდების ყველა ეპიზოდში, კერძოდ, „წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღება" და „ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგი".

საქართველოს შსს-მ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის გახსნის შესახებ 2019 წლის 19 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ დააკავეს 11 ადამიანი, მათ შორის აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეები. მოგვიანებით ბრალდებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ უცხოელებმა თბილისში ნაქირავებ ბინებში გახსნეს არალეგალური ფოტოსალონები, სადაც შემდგომი რეალიზებისთვის პორნოგრაფიულ მასალას იღებდნენ. დაზარალებულია 8-დან 14 წლამდე ასაკის 23 არასრულწლოვანი.

სასამართლომ ავსტრალიის მოქალაქეს 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს მოქალაქეებს კი 19-19 წლით პატიმრობა შეუფარდა.

ამავე საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო არასრულწლოვანთა მშობლებისა და ერთი მასწავლებლის წინააღმდეგ 11 სარჩელს განიხილავს. 10 მშობელს ბრალად ედება ხუთი არასრულწლოვნის მონაწილეობით პორნოგრაფიული ვიდეოს შექმნა, ხოლო სკოლის მასწავლებელს – არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში დახმარება.

91
თემები:
კრიმინალი საქართველოში (990)
სამძებრო ოპერაცია

მდინარე რიონში 72 წლის მამაკაცს ეძებენ

50
(განახლებულია 21:25 10.07.2020)
ოჯახის ახლობლების განცხადებით, მამაკაცი მდინარეზე გუშინ, საღამოს წავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. სამტრედიაში მაშველები მდინარე რიონში 72 წლის მამაკაცს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2. 

სამძებრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც მდინარის ნაპირზე დაკარგული მამაკაცის ტანსაცმელი იპოვეს. ოჯახის ახლობლების თქმით, იგი მდინარეზე გუშინ, საღამოს წავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო ოპერაციაში ჩართულია 10 მეხანძრე–მაშველი, სამი მყვინთავი და ერთი ექოლოტი, რომელიც წყლის ფსკერის სკანირებას ახდენს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

50
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ავარია

ხობში ავარიამ ქალი და მამაკაცი იმსხვერპლა ვიდეო

94
(განახლებულია 21:05 10.07.2020)
შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი – ქალი და მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან. 

გავრცელებული ინფორმაციით, „მერსდესესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი – ქალი და მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნიკა ლატარია

94
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პროკურატურის შენობა

მოკლული ფეხბურთელის ოჯახი ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვს

0
(განახლებულია 22:53 10.07.2020)
პროკურატურის ცნობით, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა - ახალგაზრდა წყალში დაიხრჩო

თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. გიორგი შაქარაშვილი მოკლეს, შემდეგ კი მდინარე არაგვში გადააგდეს - ეს ცალსახად დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით, განაცხადა დაღუპული ფეხბურთელის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ პარასკევს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. 

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ  მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. იგი  მეგობრის წვეულების შემდეგ დაიკარგა, სადაც სტუმრებს შორის მასობრივი კონფლიქტი მოხდა. საქმემ   საზოგადოებაში თავიდანვე რეზონანსი გამოიწვია – მომხდარ ფაქტთან მაღალჩინოსნების მეგობრების შესაძლო კავშირის შესახებ გავრცელებული ხმების გამო.

 „საქართველოსპროკურატურამ უკვე გამოაქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, ამ დასკვნას ოჯახი დიდიხანია ველოდით,  ეს იყო ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი გამოძიებაში. სწორედ ამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უნდა დაგვედასტურებინა ჩვენი პოზიცია, რამდენად რეალური იყო ოჯახის ვერსია გიორგის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისი თქმით, გიორგის სიცოცხლეშივე მიაყენეს დაახლოებით 12 ფიზიკური დაზიანება, რაც ადასტურებს იმას, რომ მის მიმართ გამოიყენეს ფიზიკური ძალადობა, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს. 

 „გამორიცხულია, რომ ეს დაზიანებები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, მიადგეს ადამიანს თუნდაც იმ ფერდობზე დაგორებით, თუნდაც სირბილის, წაქცევის დროს, ეს არის წარმოუდგენელი. დაზიანებები მიყენებულია სახის არეში, ტანზე, ხელების მიდამოებში და ყველგან“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. 

მისი თქმით, დღეიდან ოჯახს კატეგორიული პოზიცია ექნება - ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის.

 „პროკურატურის მიერ შემოთავაზებული კვალიფიკაცია, სისხლის სამართლის საქმის სწორი კვალიფიკაციაა.  თუმცა, ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას  სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით. შესაბამისად ველოდებით, როდის იქნება კონკრეტული ბრალდებები წარდგენილი გამოძიების ფარგლებში და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგის განზრახ მკვლელობის გამო“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

საქართველოს პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე გადააკვალიფიცირა – „დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა“.

საქმის დეტალები

პროკურატურის განცხადებით, 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების უშუალო მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობის შედეგად.

ამასთან, შაქარაშვილის სხეულზე ექსპერტიზის დროს აღმოჩნდა მრავლობითი ტრავმები, მიყენებული მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, სიცოცხლისდროინდელი  დაზიანებები თავის არესა და სხეულზე. 

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიური გამოძიება გრძელდება. მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები.

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.

საქმის სირთულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს თბილისის ფეხბურთის კლუბ „საბურთალოს“ აკადემიის აღსაზრდელი 19 წლის გიორგი შაქარაშვილი მეგობართან ერთად იმყოფებოდა მცხეთაში, მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე, სადაც მოხდა ჩხუბი. მოგვიანებით საქმის გარჩევა გაგრძელდა თბილისისკენ მომავალ ავტომაგისტრალზე, სადაც კონფლიქტის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა თბილისიდან „დამხმარე ძალა“ გამოიძახა. 

მოწმეთა მტკიცებით, გიორგიმ ჩხუბის ადგილი დატოვა და მდინარისკენ გაიქცა, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება. რამდენიმე დღეში იგი გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე 17 პირი ძალადობისა და თავისუფლების მართლსაწინააღმდეგო აღკვეთის ბრალდებითაა დაკავებული. წინასასამართლო მოსმენა  31 ივლისს გაიმართება.

გამოძიება ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა. აღნიშნულ მუხლებს უკვე დაემატა 109-ე მუხლი - განზრახ ჯგუფური მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

0