ტანკერი

მეკობრეების მიერ გატაცებული ცხრა ქართველი მეზღვაური თავისუფალია

45
(განახლებულია 18:34 22.05.2020)
ქართველი მეზღვაურები, რომლებიც მეკობრეებმა 30 აპრილს გაიტაცეს, 21-დღიანი ტყვეობის შემდეგ გათავისუფლდნენ და საქართველოში მალე დაბრუნდებიან.

თბილისი, 22 მაისი - Sputnik. მეკობრეების მიერ გატაცებული ცხრა ქართველი მეზღვაური თავისუფალია და რამდენიმე დღეში სპეციალური რეისით ნიგერიიდან საქართველოში დაბრუნდებიან, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ნიგერიაში 30 აპრილს მეკობრეებმა ათი მეზღვაური გაიტაცეს, რომელთაგან ცხრა საქართველოს მოქალაქეა. პანამის დროშით მცურავ გემზე სულ 14 მეზღვაური იმყოფებოდა. მეკობრეების ტყვეობას გადაურჩა გემზე მყოფი საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, სახელმწიფომ გემთმფლობელთან ერთად ყველა ბერკეტი გამოიყენა და მეზღვაურები 21-დღიანი ტყვეობის შემდეგ თავისუფლები არიან.

„ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და ყველა ფორმალური პროცედურა უმოკლეს დროში გავიაროთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მეზღვაურების ტყვეობიდან უსაფრთხოდ დახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის გემთფლობელ კომპანიას და მადლობას ვუხდით მათ გაწეული ძალისხმევისთვის,“ - განაცხადა იოსელინმა.

რაც შეხება მეკობრეების ტყვეობას გადარჩნილ ოთხ მეზღვაურს, ისინი უკვე საქართველოში იმყოფებიან. სააგენტოს ცნობით, ქალაქ ლომედან მეზღვაურების გამოსაყვანად საჭირო ნებართვების მისაღებად სახელმწიფო სტრუქტურებმა უპრეცედენტო მოლაპარაკები აწარმოეს ტოგოს ხელისუფლებასთან.

45
დაკავებული

„ლავასოღლის“ მეგობრებმა პროტესტის ნიშნად პირები ამოიკერეს

13
ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის გარემოცვა მისი თურქეთიდან საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნით ბათუმში პერმანენტულ აქციებს მართავს

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. ცნობილი კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, მეტსახელად „ლავასოღლის“ ოთხმა ნათესავმა პროტესტის ნიშნად პირები ამოიკერა და ბათუმის იუსტიციის სახლთან შიმშილობა გამოაცხადა, იუწყება „რუსთავი 2“.

თურქეთიდან საქართველოში ან მესამე ქვეყანაში „ლავასოღლის“ ექსტრადირების მოთხოვნით სახელმწიფო დაწესებულებების რამდენიმედღიანი პიკეტირების შემდეგ ორმა ათეულმა ადამიანმა იუსტიციის სახლთან კარვები გაშალა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წამოუყენა.

აქციის მონაწილეთა სიტყვებით, დღეს, 15:00 საათზე, ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, მაგრამ ოფიციალური პასუხი მოთხოვნებზე მათ არ მიუღიათ. მათ გადადეს სარფის საბაჟო პუნქტის დაგეგმილი პიკეტირება და განაცხადეს, რომ მთავრობას „ლავასოღლის“ ექსტრადიციისთვის კიდევ ერთ დღეს აძლევდნენ.

კრიმინალური ავტორიტეტის ნათესავების მეორე, 15-კაციანმა ჯგუფმა აჭარის პროკურატურასთან კარვები გაშალა და შიმშილობა გამოაცხადა.

ამ მომენტისთვის მინდია გორაძე თურქეთში ექსტრადიციულ პატიმრობაში იმყოფება. „ლავასოღლი“, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ინტერპოლის ხაზით ეძებდა, 2018 წლის ოქტომბერში ტრაპიზონში დააკავეს.

2019 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძეს დაუსწრებლად  შეუფარდა 10 წლით პატიმრობა ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო. კიდევ უფრო ადრე, 2018 წლის ივლისში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძე დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ მუხლებით: „კანონიერი ქურდობა“, „ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზება“ და „ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა“ და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2019 წლის თებერვალში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

პროკურატურის მონაცემებით, 2014-2015 წლებში „ლავასოღლის“ კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, იღებდა მათგან ინფორმაციას კრიმინალურ სამყაროში არსებულ ვითარებაზე და აძლევდა მითითებებს თავისი გავლენის გასაძლიერებლად. იგი მონაწილეობდა ასევე ქურდული „ობშჩიაკის“ შეგროვებაში.

შსს „კანონიერ ქურდზე“ ძებნას გამოაცხადებს >>

გამოძიების მონაცემებით, 2015 წლის 24 თებერვალს ლავასოღლი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „განსხვავებული აქცენტების" ავტორსა და წამყვანს ეკა კვესიტაძეს, გამოთქვა უკმაყოფილება მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასული უარყოფითი სიუჟეტის გამო და დაემუქრა მას, რომ შემდგომში თავი შეეკავებინა ანალოგიური ინფორმაციის გავრცელებისგან.

13
თემები:
კრიმინალი საქართველოში
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა: თურქეთის 9 მოქალაქე განაჩენს ციხეში დაელოდება

26
თურქეთის ცხრა მოქალაქეს ბრალი ედება საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და იარაღის უკანონო შენახვაში. მათ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით თურქეთის ცხრა მოქალაქეს, რომელთაც საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და იარაღის შენახვა ედებათ ბრალად, პატიმრობა შეუფარდა.

ბათუმში თურქეთის მოქალაქეთა დაკავების შესახებ სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა სამშაბათს განაცხადა. თურქეთის მოქალაქეები არა მხოლოდ უკანონო გზით შემოვიდნენ საქართველოში, არამედ გარკვეული დროის განმავლობაში ქალაქში ორ დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდნენ.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა დაკავებულთა თავდებით გათავისუფლების თაობაზე, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის არგუმენტები და თურქეთის მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება გრძელდება მუხლით „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“ და „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და შენახვა“. ბრალდებულებს სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

26
თემები:
კრიმინალი საქართველოში
პროტესტი აშშ-ში

პენტაგონმა მხარი არ დაუჭირა ტრამპის გეგმას პროტესტის ჩასახშობად არმიის გამოყენების შესახებ

10
კანონი „აჯანყების შესახებ“ არეგულირებს აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილებას, ქვეყნის ტერიტორიაზე განათავსოს ჯარები აჯანყებისა თუ ამბოხის ჩახშობის მიზნით, ახლა გადაწყვეტილებებს შტატების გუბერნატორები იღებენ

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. პენტაგონის ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს აჯანყების შესახებ კანონის შესაბამისად ჯარის გამოყენებას არეულობის ჩასახშობად, იუწყება The Washington Times.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამას წინათ განაცხადა, რომ თუ რომელიმე ქალაქისა თუ შტატის ხელისუფლება მცხოვრებთა სიცოცხლისა და ქონების დასაცავად აუცილებელ ნაბიჯებს არ გადადგამდა, იგი ვითარების განსამუხტად არმიას გამოიყენებდა.

„ჯარის, როგორც სამართალდამცველი ორგანოების გამოყენების ვარიანტი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და მხოლოდ გადაუდებელ და მძიმე სიტუაციაში უნდა განიხილებოდეს. ახლა ჩვენ ასეთ ვითარებაში არ ვართ. მე მხარს არ ვუჭერ აჯანყების შესახებ კანონის გამოყენებას“, - განაცხადა ესპერმა პრესკონფერენციაზე.

აშშ-ში აკრძალულია ჯარის გამოყენება ქვეყნის შიგნით. თუმცა ამის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა შეიარაღებული აჯანყების შესახებ კანონი, მიღებული ჯერ კიდევ 1807 წელს.

ეს კანონი არაერთხელ გამოუყენებიათ მასშტაბური არეულობის ჩასაქრობად, მათ შორის, 1967 წელს დეტროიტში, 1968 წელს ჩიკაგოსა და ბალტიმორში, 1992 წელს ლოს-ანჯელესში.

რა ხდება აშშ-ში

მინეაპოლისსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს პოლიციის თანამშრომლებს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდათ. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ხელბორკილიანი მამაკაცი ასფალტზე წევს, ხოლო პოლიციელი კისერზე მუხლით ებჯინება. დაკავებული რამდენჯერმე იმეორებს, რომ სუნთქვა და მოძრაობა უჭირს, შემდეგ კი ლაპარაკს წყვეტს. მოგვიანებით ის რეანიმაციაში გარდაიცვალა.

მინეაპოლისში დაწყებული პროტესტი დარბევაში გადაიზარდა და სხვა შტატებსაც მოედო. ბოლო მონაცემებით, პოლიციის საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღამ, სულ მცირე, 140 ქალაქი მოიცვა, 29 მაისს კი პროტესტი და შეტაკება პოლიციასთან ვაშინგტონში, თეთრ სახლთან დაიწყო.

40 ქალაქში, მათ შორის, ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში, ბევერლი-ჰილზში, ჩიკაგოში, ორლანდოში, ატლანტაში, დენვერში, დასავლეთ ჰოლივუდში, კომენდანტის საათი გამოაცხადეს.

დემონსტრაციების დაწყების შემდეგ სამსახურიდან ოთხი პოლიციელი გაათავისუფლეს, ერთ მათგანს - დერეკ ჩავენს - გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. გამოძიებაში ჩაერთო გამოძიების ფედერალური ბიურო, რომელმაც საქმე პრიორიტეტულად გამოაცხადა.

ამჟამად პოლიციის ყოფილი ოფიცერი ჩავენი, New York Post-ის მონაცემებით, მინესოტას მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფება.

აქტივისტები დანარჩენი სამი პოლიციელის დასჯასაც ითხოვენ, რომლებიც არ ჩაერივნენ მიმდინარე მოვლენებში და ჩავენს ფლოიდის მოკვლის საშუალება მისცეს. მინესოტას გენერალურმა პროკურორმა კიტ ელისონმა განაცხადა, რომ სხვა ბრალდებები შეიძლება „ძალიან მალე“ გამოჩნდეს, თუმცა თარიღი არ დაუზუსტებია.

10
თემები:
მსოფლიო დღეს