პოლიციის ლენტი

ჩოხატაურში მამამ შვილი მოკლა

146
(განახლებულია 11:19 22.05.2020)
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში 29 წლის მამაკაცს მამამ დანით  სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილი ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით მამა, რომელიც შვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, უკვე დაკავებულია.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მკვლელობის მიზეზი.

146
თემები:
კრიმინალი საქართველოში (914)
თბილისის ინფექციური საავადმყოფო

თავსხმა წვიმამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობა დატბორა

74
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ისედაც გაპარტახებული და ამორტიზებული შენობა სტიქიამ კიდევ უფრო დააზიანა

თბილისი, 25 მაისი - Sputnik. თავსხმა წვიმამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციული შენობა დატბორა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

წვიმა, სეტყვა, წყალდიდობა – საქართველოში უამინდობა გრძელდება >>

წყალმა შენობაში დაზიანებული სახურავიდან შეაღწია. კლინიკის პერსონალის თქმით, დატბორვა მათ სრულფასოვან მუშაობას უშლის ხელს. მედიკოსების თქმით, მათ აუცილებლად სჭირდებათ სხვა შენობაში გადასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი პრობლემების გამო კლინიკა ნორმალურად მუშაობას ვერ გააგრძელებს.

„განა შეიძლება, რამდენჯერაც გაწვიმდება, იმდენჯერ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულება და მისი სერვერი დაიტბოროს და ჩვენ წყალდიდობის პირობებში მუშაობა გვიწევდეს?!“, - განაცხადა საავადმყოფოს აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა გოგიჩაიშვილმა.

ტერიტორია, რომელზეც კლინიკა მდებარეობს, 2009 წელს გაიყიდა. ის კომპანია „ავერსი-ფარმამ“ შეიძინა. ამის შემდეგ ცენტრის თანამშრომლებს არაერთხელ დაუჩივლიათ, რომ პაციენტების სამკურნალოდ სათანადო ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ და ვერც შენობას არემონტებენ, ვინაიდან ის კერძო მფლობელობაშია. ობიექტი იმ პირობით გაიყიდა, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ ფართსა და შენობას მიიღებდა, მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა, დაპირება კი დაპირებად დარჩა - ცენტრი იძულებულია ძველ ადგილზე უუფლებოდ დარჩეს.

სტიქია რაჭაში: ადიდებულმა მდინარემ გზა დატბორა >>

ინფექციური საავადმყოფოს კოლექტივმა არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია. 2019 წლის ნოემბერში ისინი „ავერსის“ მიერ ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობის დემონტაჟის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ამჟამად ინფექციური საავადმყოფო საყოველთაო ყურადღების ცენტრშია - სწორედ მან დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებულთა მიღება და დღემდე ქვეყანაში COVID-19-ის მკურნალობის ფლაგმანია.

74
თემები:
შემთხვევები საქართველოში
შოთა არველაძე

შოთა არველაძემ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

62
საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელი ყოფილ მეუღლეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა, ახლა კი ტაშკენტის „პახტაკორის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში მხარი დაუჭირა საქართველოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელსაც ბრალი ოჯახურ ძალადობაში ედება.

„ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ - განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო“, - დაწერა არველაძემ თავის Facebook-გვერდზე.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

ბასილაშვილი - მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, АТР-ს სერიის სამი ტურნირის გამარჯვებულია. თავის კარიერაში 28 წლის ჩოგბურთელმა თითქმის 5,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 343 ათასი - ამ სეზონზე.

62
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ჟურნალისტები აქციაზე

რას წერენ ქართული გაზეთები: როდის დაბრუნდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში?

0
(განახლებულია 01:15 26.05.2020)
მომავალი საპარლამენტო არჩევნები - შეინარჩუნებს თუ არა „ქართული ოცნება“ რეიტინგს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის წყალობით მოიპოვა, და როდის წარმოადგენს ოპოზიცია მაჟორიტარი კანდიდატების ერთიან სიას - მთავარი თემები ქართულ პრესაში.

რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებამდე შეინარჩუნოს რეიტინგი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ხარჯზე მოიპოვა, მოსალოდნელი ეკონომიკური პრობლემების ფონზე - ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში შეიმჩნევა კეთილგანწყობა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლისას კარგი გამოცდილება მიიღო და დაინახა, რამხელა მნიშვნელობა ჰქონია პროფესიონალების მოსმენის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარს.

„ასევე გამოჩნდა გიორგი გახარიას განსაკუთრებული მენეჯერული თვისებები. შესაბამისად, საზოგადოება კეთილგანწყობილია. უმეტესობამ დაინახა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანას დიდი ხიფათი აარიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს განწყობა შენარჩუნდება არჩევნებამდე, თუნდაც იმიტომ, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე თავის სიტყვას იტყვის“, - განუცხადა არეშიძემ გაზეთ „კვირის პალიტრას“.

ამიტომ საჭიროა მნიშვნელოვანი პროექტების სწრაფი რეალიზება, სოციალური დახმარების სისტემის სრულყოფა და ახალ ნაბიჯებზე ფიქრი, აღნიშნა პოლიტიკოსმა.

„მთავარია, მოქალაქეებმა იგრძნონ ხელისუფლების ზრუნვა. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა “ქართული ოცნება” მიღწეულის კაპიტალიზაციას“, - განაცხადა არეშიძემ.

მისი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება არ არის მნიშვნელოვანი.

„დიდ ნაწილს არც ეს ვითომ პოლიტპატიმრები ანაღვლებს, რურუაზე საერთოდ არაფერს ვიტყვი, ხალხმა ყველაზე ყველაფერი მშვენივრად იცის. ადამიანებს ადარდებს სოციალური თემები, დასაქმება და ეკონომიკური პრობლემები”, - აღნიშნა არეშიძემ.

როდის წარადგენს ოპოზიცია კანდიდატების ერთიან სიას?

მაჟორიტარი კანდიდატების სიის საბოლოო მონახაზი სავარაუდოდ ივნისის ბოლოს იქნება მზად, განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა იმ კონსულტაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ოპოზიციის შიგნით მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების შესათანხმებლად დაიწყო.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში შეათანხმეს 30 მაჟორიტარული ოლქის განაწილების საზღვრები, თავად კი თბილისში იყრის კენჭს.

„ჯერ მონახაზი არ არის, სავარაუდოდ, საბოლოო მონახაზი ივნისის ბოლოს იქნება. ჯერ დაკანონდეს ის 30 მაჟორიტარული ოლქი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ბერძენიშვილმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მის მაჟორიტარობაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა და არც მიილტვის ამისკენ.

როგორ გადანაწილდება 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქები რეგიონების მიხედვით >>

„ჩვენი მიზანია, შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და აუცილებლად შევიდეს ცვლილება კონსტიტუციაში. თუ ხელისუფლება კვლავ გაჯიუტდა, მოვლენები მისთვის სახარბიელოდ არ განვითარდება. ბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა შეირცხვინოს თავი შინ თუ გარეთ?! პირობა უნდა შეასრულოს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

როდის დაბრუნდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში?

საქართველოში უკვე მესამე დღეა რაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, მაგრამ მთავარი კითხვა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს - როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში, - კვლავ ღიად რჩება.

ალერგოლოგი-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ტრანსპორტის ამუშავების საკითხი ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა გადაწყდეს.

„შეზღუდვა ძალიან მარტივია, თუმცა გახსნა ძალიან რთულია. მეტი ძალისხმევა მართებს ყველას. მთავარი გადაწყვეტილება მაინც უნდა მიიღონ ეპიდემიოლოგებმა და ასევე სატრანსპორტო კომპანიებმა“, - განუცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „რეზონანსს“.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დეზინფექციას და აუცილებლად გაიზარდოს კონტროლიორების რაოდენობა.

„მე ვფიქრობ, რომ ამ წესების დაცვით მაისში ტრანსპორტის გახსნა უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მიმოხილვა მომზადებულია გაზეთ „რეზონანსის“ და „კვირის პალიტრას“ მიხედვით

0