პოლიციის განყოფილება

სისხლიანი დაპირისპირება იმერეთში: მამაკაცმა თანამშრომელი დაჭრა, პოლიციელს კი თავს დაესხა

83
(განახლებულია 15:43 16.05.2020)
გამოძიება 29 წლის მამაკაცს პოლიციელზე თავდასხმასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით საჩხერეში 29 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიმდინარე წლის 15 მაისს ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას მის თანამშრომელს, 33 წლის მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.

უწყება არ აკონკრეტებს, სად მუშაობდა ბრალდებული და რა მოტივით ჩაიდინა დანაშაული.

უწყების ცნობით, იმავე დღეს საგამოძიებო ღონისძიების მიმდინარეობისას, ბრალდებულმა საჩხერის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საჩხერის პოლიციის თანამშრომელს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა და 19-108-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

83
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1439)
პერსონალური  მონაცემების დაცვა კომპიუტერში

კომპანიის თაღლითური სქემა: რამდენი მოქალაქე გაება  Mazilla.ge–ის მახეში?!

184
(განახლებულია 11:44 04.06.2020)
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ–სივრცეში გამოყენებისას.

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik.  საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს შესაძლო თაღლითურ მიკროსაფინანსო კომპანიის შესახებ აფრთხილებს, რომელიც კლიენტებს სესხების აღებაში შუამავლობას სთავაზობს.

როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საუბარია კომპანიაზე Mazilla.ge, რომელიც არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დარეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. 

 „გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც მოსახლეობას სესხის აღებისათვის შუამავლობას სთავაზობს, შესაძლოა, თაღლითების მიერ იმართებოდეს. საუბარია კომპანია Mazilla.ge - ზე, რომელიც ინფორმაციაში მოხსენიებულია როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოქალაქეებს ახსენებენ, რომ უწყების ვებგვერდზე პერიოდულად ნახლდება ინფორმაცია ოფიციალურად დარეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ. ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოქალაქეებს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ–სივრცეში გამოყენებისას. 

ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების განხორციელება. ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება საგადახდო ბარათის ნომერი და მისი უსაფრთხოების სამნიშნა კოდი, რომელიც დატანილია ბარათის მეორე გვერდზე, ასევე ინტერნეტბანკის, მობილური ბანკის, ელექტრონული საფულის მომხმარებლის სახელი, პაროლი და უსაფრთხოების კოდი. აღნიშნული მონაცემების ხელში ჩაგდებით თაღლითები არასანქცირებულ გადარიცხვებს ახორციელებენ.

ეროვნული ბანკი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ფაქტი ეხება საეჭვო ან გაურკვეველი რეპუტაციის ვებგვერდებზე პირადი და ფინანსური მონაცემების განთავსებას.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ ეროვნულ ბანკს ცხელ ხაზზე: 2 406 406 დაუკავშირდნენ.

184
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1439)
შსს-ს შენობა

ახალშობილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

93
შსს-ში აცხადებენ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალშობილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად აწარმოებს საგამოძიებო მოქმედებებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, 2020 წლის 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ შევიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იქნა ჩვილი.

შემთხვევის ადგილზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის ახალშობილის ცხედარი გადასვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, რომლებიც, შესაძლოა, ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას შემთხვევის შესახებ. მათ შორის, მოწმის სახით, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოიკითხა არასრულწლოვანი გოგონა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვანი გოგონას დაკავებასთან, ასევე, პოლიციის თანამშრომლის მიერ ახალშობილის ცხედრის გადაგდებასთან დაკავშირებით, არის დეზინფორმაცია.

„მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნული თემის გაშუქებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და არ მოახდინონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვის პროვოცირება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

93
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1439)
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ურთიერთობას აღარ მალავს - წყვილის რომანტიული ფოტო პიკნიკიდან

0
(განახლებულია 13:55 04.06.2020)
ნიკოლოზ ბასილაშვილი შეყვარებულია და მისი რჩეული ულამაზესი გერმანელი სპორტსმენია. ნახეთ წყვილის უახლოესი ფოტოები სოციალური ქსელიდან

მსოფლიოს 27-ე ჩოგანი შეყვარებულია და მალე დაქორწინებასაც აპირებს. ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული უმშვენიერესი გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ჰელენია, რომელიც ბასილაშვილმა ნათესავებს უკვე გააცნო და გოგონა რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება.

მას შემდეგ, რაც ნიკოლოზი ყოფილ ცოლზე, ნეკა დოროყაშვილზე შესაძლო ძალადობისთვის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, შარლოტამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ჩოგბურთელთან ერთად გადაღებული ფოტო დადო, სადაც ჩანს, რომ წყვილი პიკნიკზე იმყოფებოდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც. ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია. წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება