საქართველოს პროკურატურის შენობა

გარყვნილი ქმედება 5 წლის ბავშვთან - პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

195
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა გამოაცხადა, რომ ხუთი წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული უდანაშაულოა

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. გურჯაანის სასამართლომ გაამართლა ხუთი წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  შემთხვევა 2019 წლის ზაფხულში მოხდა. ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა 58 წლის მამაკაცმა იმავე სოფელში მცხოვრებ ბავშვთან სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა.

დღეს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული მამაკაცი უდანაშაულოდ სცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ბავშვის ოჯახის წევრების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

როგორც დაზარალებულის ადვოკატმა შალვა მჭედლიშვილმა განაცხადა, მოსამართლემ განაჩენის გამოტანისას აღნიშნა, რომ საქმეში მხოლოდ ორი არასრულწლოვნის ჩვენება იყო, რასაც განაჩენის გამოსატანად ვერ გაიზიარებდა.

ბრალდებულის ადვოკატის, ლევან ზაქრაძის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. მისივე თქმით, წარმოდგენილი მოწმეები არასრულწლოვნები იყვნენ, შესაბამისად, სასამართლომ მათი ჩვენებები არ გაიზიარა.

მამაკაცი 2019 წლის 5 ივლისს დააკავეს. რვა ივლისს ლაგოდეხის მაგისტრმა მოსამართლემ მას პატიმრობა შეუფარდა და საქმე განსახილველად გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გადაეცა.

„ბრალდების მხარემ უტყუარი მტკიცებულებები წარადგინა, რითაც დასტურდებოდა, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურა არ ეთანხმება გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ბრალდების მხარემ  მითითებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ კიდევ თებერვალში დაასრულა და არცერთი სასამართლო პროცესი პროკურორის შუამდგომლობით არ გადადებულა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე: ათი ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა >>

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, უწყება მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

დანაშაული, რომელშიც მამაკაცს ედება ბრალი, 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

195
თემები:
კრიმინალი საქართველოში (914)
პოლიცია ბათუმში

შსს-მ ბათუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით ინციდენტის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

66
(განახლებულია 20:54 27.05.2020)
რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ბათუმში პოლიციამ 30 პირი დააკავა

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც ბათუმში სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს წარედგინა ბრალდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის შვიდ მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ორი პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს წარედგინა ბრალდება, სსკ-ის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.

საუბარია რევაზ წულუკიძესა და ელდარ ანთაძეზე, სწორედ მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე.

დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს და ცენტრალური გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას.

ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 პირი, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას.

რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით ისინი 8 მაისსაც შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის სახლთან და აქცია გამართეს, სადაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. წულუკიძესა და ანთაძეს ბრალი ჯგუფურ ხულიგნობაში ედებათ.

66
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პოლიცია ბათუმში

არეულობა ბათუმში: საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

45
(განახლებულია 21:20 27.05.2020)
აქციის მონაწილეები წინასწარ პატიმრობაში მყოფი რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები პატიმრობაში მყოფი რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები.

აქციის მონაწილეების ნაწილს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ. თუმცა, მათი თქმით, შეხვედრა უშედეგო იყო. დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, მთავრობის წარმომადგენლებისგან მათ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს და აპირებენ აქციების გაგრძელებას.

პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოხდა, რის გამოც დააკავეს 10-ზე მეტი აქციის მონაწილე.

რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე ხულიგნობის მუხლით 5 მაისს დააკავეს. დაკავების მიზეზი კონფლიქტი გახდა, რა დროსაც რამდენიმე პირი ცივი იარაღით დაჭრეს.

წულუკიძისა და ანთაძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებული და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით ისინი 8 მაისსაც შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის სახლთან და აქცია გამართეს, სადაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

წულუკიძისა და ანთაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. 9 მაისს სასამართლომ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

45
თემები:
შემთხვევები საქართველოში
დაკეტილი კაფე მცხეთაში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/28 მაისი

78485
23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ მოქმედებს, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების და აკრძალვების ნაწილი ძალაში დატოვა. ეს შესაძლებელი გახდა პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“. ახლა მთავრობას მიენიჭა უფლება შემოიღოს შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ.

ცვლილებები 15 ივლისამდე იმოქმედებს.

მოქმედი ძირითადი შეზღუდვების ჩამონათვალი:

  • რესტორნები, სასტუმროები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, სავაჭრო მოლები, სპორტდარბაზები ივნისის დასაწყისიდან ეტაპობრივად გაიხსნება;

  • რესტორნებს აქვთ მხოლოდ კერძების მიწოდების სერვისით მუშაობის უფლება, აგრეთვე ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიებს შეუძლიათ ონლაინ ვაჭრობა;
  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე
  • აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;

მთავრობა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოქმედი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ტრანსპორტი

  • აკრძალულია საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა;
  • აკრძალულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისები, ჩარტერულის გარდა, რომელიც ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით;
  • აკრძალულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა;
  • აკრძალულია საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;
  • აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება.

საზოგადოებრივი ცხოვრება

  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციურად;
  • სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • დასაშვებია უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად, მაგრამ რეკომენდაციების შესაბამისად;
  • კულტურული ღონისძიებები მხოლოდ დისტანციური ფორმით ჩატარდება;
  • აკრძალულია მასობრივი სპორტული ღონისძიებების, შეკრებების და შეჯიბრებების ჩატარება;

ეკონომიკური საქმიანობა

  • აკრძალულია რესტორნებში, ბარებში, კაფეებსა და სასადილოებში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;
  • აკრძალულია ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიების მუშაობა;
  • აკრძალულია სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების მუშაობა, აგრარული ბაზრობების გარდა;
  • აკრძალულია სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება და გამართვა;
  • აკრძალულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა;
  • აკრძალულია სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები და პროცედურები.

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 735 ადამიანს შეადგენს, აქედან 557 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით აუცილებელია სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მობილობის შეზღუდვა.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა შიდა გადაცემას უკავშირდება.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3076, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 250 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
78485
თემები:
COVID-19 საქართველოში