თუშეთის ეროვნული პარკი

ტრაგედია თუშეთში: ზვავში მოყოლილ 62 წლის მამაკაცს მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ

213
(განახლებულია 14:44 07.05.2020)
უამინდობამ, შესაძლოა, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გახსნაც შეაფერხოს. თუშეთის მიმართულებით ერთადერთი საავტომობილო გზა ყოველწლიურად ოქტომბრიდან მაისამდე იკეტება.

თბილისი, 7 მაისი - Sputnik. ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მესამე დღეა ზვავში მოყოლილ 62 წლის მამაკაცს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2

ფშაველი-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე ზვავი 5 მაისს ჩამოწვა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. შემთხვევის შედეგად ზვავში ორი ადამიანი მოყვა. ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. ის ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.

სამძებრო სამუშაოებს უამინდობა და რთული რელიეფი აფერხებს.

„სამძებრო სამუშოები შეწყდა კლიმატური პირობების გამო. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები. ეს ადგილი ზღვის დონიდან 2 ათას მეტრზეა, სადაც არის რთული ხილვადობა, აქედან გამომდინარე, შეზღუდულია სამუშაოები საღამოს საათებში", - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ვალერი აბრამიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზვავის ჩამოწოლის ადგილზე დრონის საშუალებითაც ხდება ტერიტორიის მონიტორინგი. კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები თბილისიდან. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის ჰიდროლოგები.

 

213
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1439)
პერსონალური  მონაცემების დაცვა კომპიუტერში

კომპანიის თაღლითური სქემა: რამდენი მოქალაქე გაება Mazilla.ge-ს მახეში?

191
(განახლებულია 15:52 04.06.2020)
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს – განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ საფინანსო და პირადი მონაცემების ინტერნეტ-სივრცეში გამოყენებისას.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს შესაძლო თაღლითური მიკროსაფინანსო კომპანიის შესახებ აფრთხილებს, რომელიც კლიენტებს სესხების აღებაში შუამავლობას სთავაზობს.

როგორც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საუბარია კომპანიაზე Mazilla.ge, რომელიც არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დარეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. 

„გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც მოსახლეობას სესხის აღებისათვის შუამავლობას სთავაზობს, შესაძლოა, თაღლითების მიერ იმართებოდეს. საუბარია კომპანია Mazilla.ge-ზე, რომელიც ინფორმაციაში მოხსენიებულია როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მოქალაქეებს ახსენებენ, რომ უწყების ვებ-გვერდზე პერიოდულად ახლდება ინფორმაცია ოფიციალურად რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ. ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოქალაქეებს – განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ საფინანსო და პირადი მონაცემების ინტერნეტ-სივრცეში გამოყენებისას. 

ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებ-გვერდების საშუალებით საფინანსო ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების განხორციელება. ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება საგადახდო ბარათის ნომერი და მისი უსაფრთხოების სამნიშნა კოდი, რომელიც დატანილია ბარათის მეორე გვერდზე, ასევე ინტერნეტ-ბანკის, მობილური ბანკის, ელექტრონული საფულის მომხმარებლის სახელი, პაროლი და უსაფრთხოების კოდი. აღნიშნული მონაცემების ხელში ჩაგდებით თაღლითები არასანქცირებულ გადარიცხვებს ახორციელებენ.

ეროვნული ბანკი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ფაქტი ეხება საეჭვო ან გაურკვეველი რეპუტაციის ვებ-გვერდებზე პირადი და საფინანსო მონაცემების განთავსებას.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ეროვნულ ბანკს ცხელ ხაზზე: 2 406 406.

191
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1439)
შსს-ს შენობა

ახალშობილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

93
შსს-ში აცხადებენ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალშობილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად აწარმოებს საგამოძიებო მოქმედებებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, 2020 წლის 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ შევიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იქნა ჩვილი.

შემთხვევის ადგილზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის ახალშობილის ცხედარი გადასვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, რომლებიც, შესაძლოა, ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას შემთხვევის შესახებ. მათ შორის, მოწმის სახით, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოიკითხა არასრულწლოვანი გოგონა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვანი გოგონას დაკავებასთან, ასევე, პოლიციის თანამშრომლის მიერ ახალშობილის ცხედრის გადაგდებასთან დაკავშირებით, არის დეზინფორმაცია.

„მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნული თემის გაშუქებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და არ მოახდინონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვის პროვოცირება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

93
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1439)
ავტომობილი პარკინგზე

მოქალაქეები „სითი პარკის“ გადაუხდელი ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

0
(განახლებულია 14:01 04.06.2020)
მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ის ჯარიმები,  რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე  და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა.

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. კომპანია „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებული მოქალაქეები ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავებისაგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისაგან გათავისუფლდებიან, განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ზაზა გაბუნიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც კომპანია „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

გაბუნიას განცხადებით, ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 ათას ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ამ ფინანსური ვალდებულებისაგან.

„საქმე ეხება ჯარიმებს, რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე, ანუ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტამდე და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა. ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ დავალიანების მქონე მოქალაქეები გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისაგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება“, -აღნიშნა გაბუნიამ.

მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და მას საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს.

დღეიდან პარკირების სისტემას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ გააკონტროლებს>>

კომპანია „სითი პარკმა" 2007 წელს თბილისის მთავრობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და ქალაქის პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 15 წლის ვადით მოიპოვა. თუმცა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიასთან კონტრაქტი 2018 წლის 10 აპრილიდან  გაუქმდა, რის შემდეგაც მისი ფუნქციები „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" შეითავსა.

0
თემები:
საქართველოს პარლამენტი