ძალადობა

ოჯახური ძალადობა საქართველოში: პოლიციამ ლატვიის მოქალაქე დააკავა

100
(განახლებულია 19:28 05.05.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის ბრალდებით ბათუმში ლატვიის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

33 წლის მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიების ცნობით, მამაკაცმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებული ასევე სისტემატურად მიდიოდა ქალის დროებით საცხოვრებელ ბინაში, რითიც არღვევდა მის მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს. 

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის და მუქარის, ასევე შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა, 151-ე და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. ამიტომაც, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, მთავრობა აგრძელებს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მკაცრი პოლიტიკის გატარებას.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი - 116 006. მისი საშუალებით შესაძლებელია უფასოდ და ანონიმურობის სრული დაცვით ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციის მიღება. მუდმივ რეჟიმში მუშაობს ასევე „112“-ის ცხელი ხაზიც. 

საქართველოს შსს-ს მონაცემებით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაში მესამე ადგილზეა.

კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

100
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1545)
ნიკა გვარამია

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: ნიკა გვარამიამ სასამართლოს კითხვებს უპასუხა

68
ტელეკომპანიის განკარგულებაში აღმოჩნდა ვიდეოკადრები, რომლებიც გამოძიების ოფიციალურ ვერსიებში არ ყოფილა

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ჩვენება მისცა.

ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხი – რა გახდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი >>

გარდაცვლილ ახალგაზრდა სპორტსმენს არაგვში 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. ის უკვალოდ დაიკარგა წვეულებაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ, რომელიც მცხეთის აგარაკზე სტუმრებს შორის მოხდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ასევე მას აღმოაჩნდა უამრავი დაზიანება, რაც საქმის გადაკვალიფიცირების საფუძველი გახდა - ჯგუფური ძალადობის მუხლი მკვლელობით შეიცვალა.

„მთავარი არხი“ და მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შაქარაშვილის გაუჩინარების მომენტიდან აქტიურად აშუქებდნენ ამ თემას და აჩვენებდნენ ახალ-ახალ კადრებს, რომლებიც გამოძიების ოფიციალურ ვერსიებში არ ყოფილა. სწორედ ეს გახდა გვარამიას სასამართლოში გამოკითხვის მიზეზი.

„წყაროები არ გავამხილე, არ მივიჩნევ საჭიროდ. მეორე შეკითხვა იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ეთერში გამოვთქვამ, როგორც ლოგიკურ ვარაუდს, ვინაიდან საქმეში იმალება მთელი რიგი დეტალები და ამიტომ გვიწევს მიხვედრა, შევსება ამ სურათის“, - განაცხადა გვარამიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მას უსვამდნენ კითხვებს იმ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც მან ეთერში დაასახელა.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 ადამიანი, რომლებსაც ჯგუფური ძალადობის, მისი ორგანიზებისა და ძალადობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. პირთა ჯგუფის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდება ჯერჯერობით არავისთვის არ წაუყენებიათ.

ამჟამად გამოძიებამ დანიშნა დამატებითი ექსპერტიზები, რათა გაირკვეს ექსპერტიზის მიერ უკვე დადგენილი დაზიანებების წარმომავლობა და საქმის სხვა გარემოებები. ექსპერტებმა უნდა უპასუხონ მთავარ კითხვაზე - როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი წყალში და რა მოხდა მანამდე.

68
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე
ციხის საკანი

ბაბუისა და მამის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

47
(განახლებულია 19:47 11.07.2020)
ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც ოჯახის წევრების სასტიკი მკვლელობა ედება ბრალად, 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მამისა და ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.

ოკინაშვილის დაკავების შესახებ ცნობილი 9 ივლისს გახდა. გამოძიების მონაცემებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა 28 წლის მამაკაცმა 7 ივლისს სოფელ მუხრანში თავის სახლში ბაბუა და მამა ცივი იარაღით მოკლა.  

სასამართლო სხდომაზე ოკინაშვილის ადვოკატმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა.

თავად ოკინაშვილი დუმილის უფლებას იყენებს.

მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. საქმეზე წინა სასამართლო პროცესი პირველ სექტემბერს ჩაინიშნა.

 

 

47
თემები:
კრიმინალი საქართველოში