საპატრულო პოლიცია

პაატა ბურჭულაძის ვაჟის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს

211
სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება კორონავირუსის შესახებ ცრუ სმს-შეტყობინებების გაგზავნას

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მეცენატ პაატა ბურჭულაძის ვაჟის ოფისში სამართალდამცავები ჩხრეკას ატარებენ, იუწყება პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის კუთვნილ ოფისში. მისი კომპანია სარეკლამო შეტყობინებების დაგზავნაზე მუშაობს. ჩხრეკა სავარაუდოდ კორონავირუსის შესახებ ცრუ სმს შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება.

პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მისმა თანამშრომელმა კორონავირუსზე ცრუ შეტყობინება რამდენიმე მეგობარს ხუმრობით გაუგზავნა.

„ჩემი ინფორმაციით, არავინ არ არის დაკავებული. გუშინ, როდესაც მოხდა მთავრობისგან საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნა, ამავდროულად რომელიღაც სხვა კომპანიიდან დაიგზავნა გარკვეული რაოდენობის ცრუ მესიჯები. დაემთხვა ისე, მთავრობის შეტყობინებების დაგზავნის შემდგომ, ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი გაეხუმრა ოჯახის წევრებს, დედას, დას და ორ მეგობარს. დააგზავნა ექვსი მესიჯი.  რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი რამ მოხდა. ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა ამასთან დაკავშირებით და ჩავატარეთ შიდა გამოძიება. თავად გამოტყდა ეს თანამშრომელი, რომ ხუმრობის სახით, მხოლოდ თავის ოჯახის წევრებს, ახლობლებს გაეხუმრა და გაუშვა მესიჯები. ეს თანამშრომელი გათავისუფლებულია სამსახურიდან“, - აღნიშნა შუქრი ბურჭულაძემ.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის სააგენტო – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

211
თემები:
კრიმინალი საქართველოში (859)