დაკავება

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტი: დაკავებულია შვიდი პირი

51
(განახლებულია 15:55 18.03.2020)
ეჭვმიტანილები ფინანსურმა პოლიციამ აჭარაში დააკავა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება–გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე აჭარაში შვიდი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიებით დადგინდა, რომ მოქმედ რამდენიმე კომპანიას გააჩნდა აღურიცხავი საწვავი, რომლის წარმოშობის წყაროს დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა გააყალბეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

„აღნიშნული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადების გზით კანონიერი სახე მიეცა და სამოქალაქო ბრუნვაში მოექცა აღურიცხავი/დაუსაბუთებელი ქონება – ნავთობპროდუქტის სახით, რითიც ხსენებულმა კომპანიებმა და დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს 1 872 349 ლარის უკანონო შემოსავალი“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, 185-ე და 194-ე მუხლების მესამე ნაწილებით, რაც ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება–გამოყენებას, ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივ დაზიანებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს და ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

51
თემები:
კრიმინალი საქართველოში (860)