პოლიციელი ხელბორკილებით

კახეთში ნარკოდანაშაულის გამო ხუთი პირი დააკავეს

97
(განახლებულია 12:45 16.03.2020)
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. კახეთში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი" და 33 აბი „მეტადონი" (მარილი).

„სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, რამდენჯერმე განხორციელდა ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების პროცესის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა“, – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციამ ასევე ნივთმტკიცებად ამოიღო დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი".

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მუხლებით. დანაშაული ისჯება 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

97
თემები:
კრიმინალი საქართველოში (854)