ციხის საკნის კარი

ორი პოლიციელის მკვლელობისთვის შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

133
სამართალდამცველების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე 2015 წლის 10 აპრილს  ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ  მსჯავრდებული შალვა აბულაძე ორი პოლიციელის სიცოცხლის მოსპობისა და შვიდი პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დამნაშავედ ცნო,  ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

გამოძიების მიხედვით, შალვა აბულაძემ 2015 წლის 23 იანვარს ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც ის შემოწმების მიზნით შეაჩერეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სასიკვდილოდ დაჭრა ერთ-ერთი, მეორე პოლიციელს კი  ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გარდა ამისა, 2015 წლის 4 აპრილს ძებნილმა აბულაძემ ისანი-სამგორის შს სამმართველოს სამ თანამშრომელს, რომლებმაც იგი ასევე შემოწმების მიზნით გააჩერე, ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთ-ერთი პოლიციელი დაიღუპა, მეორე კი  ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.

უწყების ცნობით, 2015 წლის 5 აპრილს გამთენიისას, აბულაძის  ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, მან  სამართალდამცველების დანახვისთანავე კვლავ გახსნა ცეცხლი ოთხი პოლიციელის მიმართულებით და მიიმალა.

შალვა აბულაძე 2015 წლის 10 აპრილს  ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. დაკავებისას მას „გლოკისა“ და ,,ПБ 6П9-ი“ს სისტემის პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და რგდ-5 ტიპის ხელყუმბარა ამოუღეს.

სააპელაციო სასამართლომ აბულაძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

133
თემები:
კრიმინალი საქართველოში (854)