საპატრულო პოლიცია

თბილისში 45 წლის მამაკაცის მკვლელობა გახსნილია - დაკავებულია ერთი პირი

150
(განახლებულია 15:42 08.03.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს სასჯელის სახით შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით 30 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 45 წლის მამაკაცმა, ვ.შ.-მ თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე მცხოვრებ 30 წლის კაცს მისივე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა.

„თავის მხრივ, ბრალდებულმა, მისივე კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ვ.შ.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი დატოვა და სამკურნალო დაწესებულებაში მივიდა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები - ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

150
თემები:
კრიმინალი საქართველოში (854)