საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდა ქალს ვირუსი აღმოაჩნდა

© Pixabay / Engin_Akyurtწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახის ექიმის განცხადებით, გოგონას აღენიშნება მწვავე და არა მძიმე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, რის გამოც მკურნალობას სახლში განაგრძობს.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. 22 წლის ახალგაზრდა ქალმა, რომელიც საქართველოში ჩინეთიდან ჩამოფრინდა, სამედიცინო დაწესებულებას ვირუსის ნიშნებით მიმართა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში ექიმები მგზავრებს კორონავირუსზე ამოწმებენ

შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ჩინეთიდან საქართველოში 16 იანვარს ჩამოფრინდა, სამედიცინო დაწესებულებას კი ვირუსის ნიშნებით 26 იანვარს მიმართა, მაშინ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

„ახალგაზრდა ქალს აღენიშნება ვირუსის ნიშნები, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით, რა ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე. მას აქვს მწვავე რესპირატორული ინფექცია, ეპიდემიოლოგები მუშაობენ, ყველაფერს დავადგენთ. დანიშნული აქვს მკურნალობა და ვაკვირდებით. ის არ იმყოფებოდა უჰანის პროვინციაში, სხვა რეგიონიდან ჩამოვიდა", – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა.

ოჯახის ექიმის განცხადებით კი, გოგონას აღენიშნება მწვავე და არა მძიმე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, რის გამოც მკურნალობას სახლის პირობებში განაგრძობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მდგომარეობა საგანგაშო არ არის და ის შესაბამისი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ჯერჯერობით უცნობია, გაიარა თუ არა შემოწმება ახალგაზრდა ქალმა საზღვრის კვეთისას.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. აეროპორტებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში ექიმები საქართველოში შემოსულ მგზავრებს ამოწმებენ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ახალი სასიკვდილო ვირუსის ქვეყანაში გავრცელების თეორიული ალბათობა არსებობს, თუმცა ამის შანსი მინიმალურია.

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
საქართველო ჩინეთიდან პირდაპირი რეისების შეჩერებას გეგმავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება შეაჩეროს ჩინეთთან ფრენები და საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინოს. ქალაქ უჰანში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება.

ჩინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 4515 ადამიანს მიაღწია. აქედან 106 გარდაიცვალა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია: ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიაში.

კორონავირუსები – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.

ყველა ახალი ამბავი
0