სახანძრო მანქანა

ხანძარი თელავში - ცეცხლი სამ სახლს უკიდია

101
(განახლებულია 17:47 19.01.2020)
არსებული ინფორმაციით, ხანძარი ჯერ ერთ სახლს სავარაუდოდ სახურავიდან გაუჩნდა, შემდეგ კი სხვა სახლებზეც გავრცელდა.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, სამ საცხოვრებელ სახლში ხანძარია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი ჯერ ერთ სახლს სავარაუდოდ სახურავიდან გაუჩნდა, შემდეგ კი სხვა სახლებზეც გავრცელდა.

ცეცხლის ლოკალიზებას რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ცდილობს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და პოლიციაა მობილიზებული.

101
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1626)
სასამართლო

დაკავებული ექიმების საქმე: სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

184
ქართველი ექიმები თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორისა და ექიმების მხარდამჭერ აქციებს ატარებენ

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik.  თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ორი ექიმი კი განაჩენს საპატიმროში დაელოდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ექიმი ვახტანგ ყიფიანი სამშაბათს დააკავეს. იმავე დღეს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას, რომელიც იტალიაში მუშაობს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით,  კლინიკის  დირექტორი გიორგი ლობჟანიძე საპატიმროს 100 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს, რაც შეეხება ხოჭოლავას, მას სასამართლომ დაუსწრებლად  პატიმრობა შეუფარდა. 

ექიმების საქმე ეხება ოპერაციას, რომელიც 2018 წელს ახალგაზრდა გოგონას ჩუტარდა. გოგონამ კლინიკას კონსულტაციისთვის მიმართა, ყიფიანი კი გოგონას დაპირდა, რომ გამოკვლევის შედეგებს იტალიაში გადააგზავნიდნენ.  ასევე მან პაციენტი დაარწმუნა, რომ ქირურგიულ ოპერაციას იტალიელი ექიმები ჩაუტარებდნენ. გოგონა დათანხმდა, ოპერაცია კი თავად ყიფიანმა, მაგდა ხოჭოლავას დახმარებით  ჩაატარა. მოგვიანებით მათ განმეორებით ჩაატარეს ოპერაცია, რომლის შემდეგაც გოგონა კომაში ჩავარდა.

გამოძიების ცნობით, ყიფიანს მსგავსი ოპერაციის ჩატარებისთვის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კვალიფიკაცია არ ჰქონდა, ხოჭოლავას კი საერთოდ არ ჰქონდა ოპერაციებზე დაშვების უფლება, რადგანაც კონსულტანტად მუშაობდა. გარდა ამისა, ოპერაციის დროს მათ შეცდომები დაუშვეს, რამაც პაციენტის მდგომარეობა გაართულა.

რაც შეეხება კლინიკის დირექტორ გიორგი ლობჟანიძეს, გამოძიება  ბრალს სდებს იმაში, რომ მან არ გააკონტროლა ოპერაცია და არ შეამოწმა მედპერსონალის შესაბამისი ლიცენზიის არსებობის საკითხი.

ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან ექიმები, რომლებიც ბრალდებული კოლეგების მხარდამჭერ წერილებს აქვეყნებენ.

184
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1626)
მცხეთის სასამართლო

შაქარაშვილის გარდაცვალება: სასამართლოში  საქმის არსებითი განხილვა 18 აგვისტოს დაიწყება

80
სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე, ექვსივე არასრულწლოვანი ბრალდებული საპატიმროში რჩება – ბრალდებულთა ასაკის გამო სასამართლო სხდომები დახურული იქნება.

 

თბილისი, 5 აგვისტო  — Sputnik.  მცხეთის რაიონულ სასამართლოში  19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმის არსებითი განხილვა 18 აგვისტოს გაიმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

მცხეთის რაიონული სასამართლო ექვსი არასრულწლოვნის მონაწილეობით ჩხუბის ორ ეპიზოდს განიხილავს. მათგან სამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ერთს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ორს კი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მონაწილეობა, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება ბრალად.

ექვსივე არასრულწლოვნის ვინაობა ცნობილია, მაგრამ გამოძიებას, კანონმდებლობის შეზღუდვებიდან გამომდინარე, მათი დასახელება არ შეუძლია. ამ დროისთვის ყველა მათგანი პატიმრობაშია.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილეს.

დახურული პროცესების შემდეგ, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობების ნაწილი დაუშვებლად ცნო, მათ შორის იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ადვოკატების მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას.

ასევე, მოსამართლემ დაუშვებლად ცნო ადვოკატების ის შუამდგომლობა, რომელიც პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ეხება.

ახლა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს მცხეთის რაიონული სასამართლო დაწვრილებით გაეცნობა ყველა მტკიცებულებას, მოუსმენს მოწმეებს და ამის შემდეგ გამოიტანს განაჩენს.

ბრალდებულთა ასაკის გამო სასამართლო სხდომები პრესისა და საზოგადოებისთვის დახურული იქნება.

არასრულწლოვნების საქმე

გამოძიების ცნობით, ხუთი არასრულწლოვანი მონაწილეობდა შაქარაშვილზე და მის მეგობრებზე მცხეთაში, აგარაკზე შურისძიების ორგანიზებაში.  

ამასთან, ექვსივე მონაწილეობდა ფეხბურთელთან და მის მეგობრებთნ ორ ჩხუბში თბილისი–მცხეთის გზაზე. მეორე ჩხუბის შემდეგ შაქარაშვილი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ძებნიდან მეოთხე დღეს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის მდინარეში დაიხრჩო, თუმცა მის სხეულზე სიცოცხლეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღინიშნებოდა. ამ დროისათვის პოლიციას 17 ადამიანი ჰყავს დაკავებული, რომლებსაც ბრალად ედებათ ფეხბურთელის გაუჩინარების საღამოს მომხდარ სამ ჩხუბში მონაწილეობა.

პროკურატურა შაქარაშვილის დაღუპვის საქმეს იძიებს „დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის“ მუხლით და სწავლობს ამ საქმეში ჩხუბში მონაწილე 11 სრულწლოვანის მონაწილეობას. ამასთან, გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ ამ მუხლით ბრალი წარედგინოთ არასრულწლოვან დაკავებულებსაც.

80
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე
გიორგი გახარია

როდის შეხვდება პრემიერი ბაჩალიაშვილის ოჯახს: პრემიერმა დრო დაასახელა

0
(განახლებულია 14:05 06.08.2020)
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს,  რათა მიიღოს პასუხი დაგროვილ კითხვებზე და პირადად მთავრობის მეთაურისგან მოისმინოს, რომ საქმეს გამოიძიებენ.

თბილისი, 6 აგვისტო  — Sputnik.  საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია მზად არის გარდაცვლილი თამარ ბაცალიაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდებს, თუმცა, გამოძიების დასრულების შემდეგ, განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს (ის პროგრამისტი იყო) და წინასწარი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. 

გოგონას მშობლები გამოძიებაში აშშ-ის ძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვას და პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს,  რათა მიიღოს პასუხი დაგროვილ კითხვებზე და პირადად მთავრობის მეთაურისგან მოისმინოს, რომ საქმეს გამოიძიებენ.

„მე, მშობლებთან ერთად ყოველ დღე ველოდები გამოძიების შედეგებს. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, ოჯახთან შეხვედრის არანაირი პრობლემა არ მაქვს“, – განაცხადა გახარიამ.

მან გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები ქვეყნისთვის ტრაგედიაა.

0