ნიკა გვარამია

დაკავებულია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

9548
(განახლებულია 18:53 18.11.2019)
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. დაკავებულია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი გიორგი რურუა, ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს.

„ჩვენი დამფუძნებელი გიორგი რურუა ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით. აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ვრჩებით ამ ქვეყანაში, ან დამნაშავე ივანიშვილის კლეპტოკრატია, მისი კორუმპირებული და ანტიხალხური რეჟიმი და კაციჭამია ზონდერი სპეცრაზმელები! უზურპატორი უნდა გავუშვათ, ან ის დაგვტოვებს სამშობლოს გარეშე!!!“ – წერს ნიკა გვარამია.

ცნობილი პოლიტიკოსის ნიკა რურუას ძმამ გიორგი რურუამ „მთავარი არხის“ მეწილისგან კახა ანჯაფარიძისგან 2.5%-იანი წილი სექტემბერში იყიდა. სანაცვლოდ გიორგი რურუამ აიღო ვალდებულება, რომ წილის რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში არხის საწესდებო კაპიტალში 250 000 აშშ დოლარს შეიტანდა.

არხის შექმნის შემდეგ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51%-იან წილს „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფლობდა, ხოლო 49%-ს – კახაბერ ანჯაფარიძე. ანჯაფარიძე ნასყიდობის ამ ხელშეკრულების შემდეგ 46.5%-ს ფლობს, გიორგი რურუა – 2.5%-ს, ხოლო ნიკა გვარამია ისევ 51%-იანი წილის მფლობელად რჩება.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ჩაიბარა, იმავე დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლა კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც რამდენიმე დღეში ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დააფუძნა. ჟურნალისტების დიდი ნაწილი ნიკა გვარამიასთან წავიდა, ნაწილი – ახალ ტელეარხ „ფორმულაზე, ნაწილი კი „რუსთავი 2“-ზე დარჩა.

9548
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1018)