შსს-მ „ქართული მარშის" ლიდერის ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliსანდრო ბრეგაძე
სანდრო ბრეგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანდრო ბრეგაძე ნინო ლომჯარიაზე მას შემდეგ გაბრაზდა, რაც მან შვედურ-ქართული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის გამართვის მოწინააღმდეგე „ქართული მარში" და მისი მომხრეები გააკრიტიკა.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოძრაობა „ქართული მარშის" ლიდერის სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

და ჩვენ ვიცეკვეთ - Sputnik საქართველო
„და ჩვენ ვიცეკვეთ": შსს-მ ფილმში პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

სამშაბათს ბრეგაძე და „ქართული ოცნების" რამდენიმე წევრი ომბუდსმენის ოფისში მივიდნენ და ნინო ლომჯარიასთან შეხვედრა მოითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. მოგვიანებით მათ ტერიტორია დატოვეს, თუმცა, პირობა დადეს, რომ რამდენიმე კვირაში ხალხის უფრო დიდი რაოდენობით მივიდოდნენ.

„რამდენიმე კვირის შემდეგ აქ რამდენიმე ათას ადამიანთან ერთად მოვალ, შევალ ამ ოფისში და ვერავინ შეძლებს ხელი შემიშალოს ვისარგებლო ჩემი კანონიერი უფლებით. ჩვენ გამოგიყვანთ შენ და შენს თანამოაზრეებს და თქვენს ადგილს მიგითითებთ - პოლიტიკურ სანაგვეზე. გადაგაყენებთ დაკავებული თანამდებობიდან, რადგანაც შენ უნამუსო ადამიანი ხარ", - განაცხადა ბრეგაძემ.

კადრი ფილმიდან და ჩვენ ვიცეკვეთ - Sputnik საქართველო
„ქართული მარში" – ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერაზე: მოხდება კინოთეატრების ბლოკირება

„ქართული მარშის" ლიდერი ლომჯარიაზე მას შემდეგ გაბრაზდა, რაც მან შვედურ-ქართული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის გამართვის მოწინააღმდეგე „ქართული მარში" და მისი მომხრეები გააკრიტიკა. ლომჯარიამ მოწინააღმდეგეთა რეაქციას „შუასაუკუნეობრივი აზროვნება" უწოდა და აღნიშნა, რომ შემოქმედებითი თავისუფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული.

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც 8 ნოემბერს, ფილმის პრემიერის დღეს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან არეულობა მოხდა, ლომჯარიამ განაცხადა, რომ ყოველივე ამას ჰყავს ორგანიზატორები და წამქეზებლები.

ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება. მთავარ როლებში არიან ახალგაზრდა ქართველი მსახიობები ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი და ანა ჯავახიშვილი. უცხოეთში ფილმმა დიდი აღიარება მოიპოვა, უფრო მეტიც, შვედეთმა იგი ამერიკული კინოაკადემია „ოსკარის" პრემიაზე წარადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0