სპეცნაზი კინოთერატრ „ამირანთან“

არეულობა სკანდალური კინოჩვენების გამო: შსს განცხადებას ავრცელებს

68
(განახლებულია 11:23 09.11.2019)
თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციებზე სულ 27 პირია დაკავებული, რამდენიმე ინციდენტზე კი გამოძიება დაიწყო

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თბილისსა და ბათუმში კინოთეატრებთან მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ გაიმართა, შსს განცხადებას ავრცელებს.

პროტესტების ფონზე: სკანდალურმა ფილმმა კიდევ ერთი ჯილდო მიიღო >>

8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, ექვს კინოთეატრში ყველა კინოჩვენება დაგეგმილ დროს დაიწყო. თუმცა, თბილისში კინოთეატრ „ამირანის“ და „თბილისი გალერის“ ტერიტორიაზე კინოთეატრ „კავეას“, ხოლო ბათუმში კინოთეატრ „აპოლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომელთა მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. კინოთეატრებთან გვიან ღამემდე პოლიციის გაძლიერებული ძალები იყო მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისსა და ბათუმში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 - თბილისში, 3 - ბათუმში“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში, კინოთეატრი „ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. პოლიციამ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ვინაობა შემთხვევის ადგილზევე დაადგინა და 35 წლის შ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.

ასევე თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე, დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

რაც შეეხება შსს-ს ბალანსზე რიცხული ავტომობილის დაზიანების ფაქტს, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

სამართალდამცველები აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. კანონდამრღვევი პირების დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, პოლიცია სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს უმკაცრესი ზომები მოჰყვება.

სკანდალური ფილმის ჩვენებები ასევე შაბათსა და კვირას გაიმართება.

68
თემები:
შემთხვევები საქართველოში (943)