მოძრაობა თბილისში

მოსკოვის გამზირზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

364
(განახლებულია 16:54 08.11.2019)
ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ავტომობილის მგზავრი ახალგაზრდა მამაკაცი, ხოლო მძღოლი კლინიკაშია გადაყვანილი.

თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი დაშავდა თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივიც მაუწყებლის პირველი არხი.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოსკოვის გამზირზე მოხდა. „მაზდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა, ხეს შეეჯახა.

ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაღუპულია მგზავრი, ახალგაზრდა მამაკაცი, ხოლო მძღოლი კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ეხება.

364
პოლიცია ბათუმში

შსს-მ ბათუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით ინციდენტის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

153
(განახლებულია 20:54 27.05.2020)
რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ბათუმში პოლიციამ 30 პირი დააკავა

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც ბათუმში სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს წარედგინა ბრალდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის შვიდ მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ორი პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს წარედგინა ბრალდება, სსკ-ის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.

საუბარია რევაზ წულუკიძესა და ელდარ ანთაძეზე, სწორედ მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე.

დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს და ცენტრალური გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას.

ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 პირი, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას.

რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით ისინი 8 მაისსაც შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის სახლთან და აქცია გამართეს, სადაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. წულუკიძესა და ანთაძეს ბრალი ჯგუფურ ხულიგნობაში ედებათ.

153
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პოლიცია ბათუმში

არეულობა ბათუმში: საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

58
(განახლებულია 21:20 27.05.2020)
აქციის მონაწილეები წინასწარ პატიმრობაში მყოფი რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები პატიმრობაში მყოფი რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები.

აქციის მონაწილეების ნაწილს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ. თუმცა, მათი თქმით, შეხვედრა უშედეგო იყო. დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, მთავრობის წარმომადგენლებისგან მათ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს და აპირებენ აქციების გაგრძელებას.

პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოხდა, რის გამოც დააკავეს 10-ზე მეტი აქციის მონაწილე.

რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე ხულიგნობის მუხლით 5 მაისს დააკავეს. დაკავების მიზეზი კონფლიქტი გახდა, რა დროსაც რამდენიმე პირი ცივი იარაღით დაჭრეს.

წულუკიძისა და ანთაძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებული და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით ისინი 8 მაისსაც შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის სახლთან და აქცია გამართეს, სადაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

წულუკიძისა და ანთაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. 9 მაისს სასამართლომ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

58
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პოლიეთილენის პაკეტები

დავიცვათ ბუნება: გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო ამოქმედდა

0
(განახლებულია 17:23 28.05.2020)
ბიოდეგრადირებადი პარკები მზადდება ბუნებრივი პროდუქტისგან და ადვილად იხრწნება მიწასთან შეხებისას  და გარემოზე უარყოფით ეფექტს არ ახდენენ.

თბილისი, 28 მაისი - Sputnik. გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო ამოქმედდა, ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წარმოების პროცესს შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნო.

 „ეკო ჯორჯია“ საქართველოში ერთადერთი საწარმოა,  სადაც არა მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები, არამედ მისთვის საჭირო ნედლეულიც მზადდება. 

საწარმო ,,ეკო ჯორჯია" სახელმწიფო პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ამოქმედდა და გორში 3 355 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე  შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით სამი მილიონი ლარია. ამ დროისთვის ადგილზე 25 ადამიანია დასაქმებული, თუმცა, მომავალში იგეგმება 100–ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა.

ბიოდეგრადირებადი პარკები მზადდება ბუნებრივი პროდუქტისგან და ადვილად იხრწნება მიწასთან შეხებისას.  შესაბამისად, ისინი  გარემოზე უარყოფით ეფექტს არ ახდენენ.

საქართველოს მაღაზიებში  პოლიეთილენის პაკეტების გამოყენება  2019 წლის 1 აპრილიდან აკრძალულია. გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ცვლილებები შევიდა „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის შესახებ" ტექნიკურ რეგლამენტში.

რეგულირების წესების დარღვევისთვის მეწარმე სუბიექტი პირველ ჯერზე 500 ლარით, ხოლო იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარით დაჯარიმდება. გარდა ამისა, მოხდება საქონლის კონფისკაცია.

პოლიეთილენის პაკეტის გამოყენება გლობალური მასშტაბის პრობლემაა. ბუნებაში მის დაშლას არანაკლებ 400 წელი სჭირდება.


0
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია