თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთავში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 27 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და ექვსი საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.