გიორგი გახარია

დამნაშავე პოლიციელებს დანდობა არ ექნებათ პრემიერი ძალოვანებს აფრთხილებს

88
(განახლებულია 19:18 10.10.2019)
გიორგი გახარიამ კომენტარი გააკეთა რამდენიმე დღის წინ მომხდარ მკვლელობის საქმეზე, რომელშიც პოლიციელები ფიგურირებენ.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციელების მხრიდან დანაშაულის ერთეული შემთხვევები დანარჩენ სამართალდამცველებს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას, ჩრდილს ვერ მიაყენებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

აღნიშნული განცხადება პრემიერმა მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა, რომელშიც ორი პოლიციელი ფიგურირებს. 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი, რომელიც 1 ოქტომბერს მოკლეს, მდინარე მტკვარმა რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა.

„მინდა შევეხო ბოლო კვირაში მომხდარ შემთხვევას, რომელშიც მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ ხუთ პირს შორის პოლიციის ორი თანამშრომელია. რა თქმა უნდა, ეს ძალზე მძიმე აღსაქმელია", – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ „ერთეული შემთხვევები ვერ დაჩრდილავს იმ 40 ათას ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებასა და მის ღირსებას".

მისი სიტყვებით, ყველა კანონდამრღვევი პოლიციელის მიმართ მიდგომა იქნება ძალზე მკაცრი.

„ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც დადასტურდება, რომ სამართალდამცველმა თავისი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩაიდინა დანაშაული, ჩვენ ბევრჯერ უფრო მკაცრები ვიქნებით და ჩვენი მიდგომა იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი", – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, შსს-ში ტარდება რეფორმა, რომელიც სისტემურ განახლებას გულისხმობს.

რაც შეეხება მკვლელობის საქმეს, სასამართლომ ხუთ ეჭვმიტანილს პატიმრობა შეუფარდა, ერთი დამნაშავე კი იძებნება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მუმლაძე თბილისში მოტყუებით ჩაისვა ავტომობილში, შემდეგ კი ორ მოქმედ და ერთ ყოფილ პოლიციელს გადასცა, რომლებმაც, თავის მხრივ, მუმლაძეს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, წაიყვანეს ქალაქ რუსთავში და დანაშაულის ორგანიზატორებს (წარსულში ნასამართლევ პირებს - რედ.) გადასცეს. სწორედ მათ მოკლეს მუმლაძე, რომელსაც დანით დაახლოებით 30 ჭრილობა მიაყენეს, და შემდეგ წყალში გადააგდეს.

ამ დროისთვის მკვლელობაში ბრალდებულ ერთ პირზე ძებნაა გამოცხადებული.

88
თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (58)