სასწრაფო-დახმარება

„ლისის ტბაზე დაჭრეს და სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოაგდეს...“ შემთხვევა თბილისში

210
(განახლებულია 13:28 07.10.2019)
გოჩა ვეფხვაძის ოპერაცია რეგიონულ ჰოსპიტალში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. 41 წლის მამაკაცის მდგომარება, რომელიც ჯერ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, მძიმეა, ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

გოჩა ვეფხვაძის ოპერაცია თბილისის რეგიონულ ჰოსპიტალში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით.

როგორც ექიმი ამბობს, ავადმყოფს კლინიკაში მიყვანისას გული გაჩერებული ჰქონდა და გულისა და ფილტვის რეანიმაცია დასჭირდა.

„დადგინდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურის არეში, ბარძაყის არტერიის დაზიანებით, დაკარგული იყო ძალიან დიდი რაოდენობით სისხლი. გარდა ამისა, როგორც ჩვენ მიგვაჩნია, ცივი იარაღით იყო მიყენებული ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში“, – აცხადებს ექიმი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილით, 117-ე და 143-ე მუხლებითაა აღძრული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

210
თემები:
შემთხვევები საქართველოში (847)