მობილური ტელეფონები

„ლურჯი ვეშაპი“ თუ ცუდი ხუმრობა - ქუთაისში მოსწავლეებმა ანონიმური შეტყობინებები მიიღეს

452
პირადი ინფორმაციის შემცვლელი ინფორმაციები მოზარდებმა facebook user-ის სახელით მიიღეს

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პირადი ინფორმაციის შემცველი ანონიმური შეტყობინებები მიიღეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ერთ-ერთი მოსწავლისთვის სოციალურ ქსელში facebook user-ის სახელით მიწერილი შეტყობინებების თანახმად, გამგზავნმა კარგად იცოდა, ადრესატი რომელი გზით დადიოდა  სკოლაში, ვისთან მეგობრობდა და გაკვეთილების შემდეგ რას აკეთებდა.

ანალოგიური შინაარსის შეტყობინება სკოლის კიდევ ორმა მოსწავლემ მიიღო. მომხდარზე საქმე მუქარის მუხლით აღიძრა. 

ტელეკომპანიის ცნობით, გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს, ერთის თანახმად, შეტყობინებები უკავშირდება ვირტუალური სივრცის სახიფათო თამაშს „ლურჯი ვეშაპი“, ხოლო მეორე ვერსია მეგობრების ხუმრობას არ გამორიცხავს.

უკავშირდება თუ არა მოზარდებისთვის გაგზავნილი შეტყობინებები ინტერნეტში სახიფათო თამაშის „ლურჯი ვეშაპის" სახელით გავრცელებულ ან რაიმე სხვა ტიპის ვირტუალურ თამაშს, ეს გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

გახმაურებული ქსელური სახიფათო თამაშის „ლურჯი ვეშაპის" ფატალური დასასრულების გამო, სკოლაში ყველა შეშინებულია. 

საფრთხის თავიდან ასაცილებლად დირექტორმა მშობლები სკოლაში დაიბარა და მოზარდებისთვის მეტი ყურადღების მიქცევა ურჩია.

თამაში „ლურჯი ვეშაპი" გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც. თამაშის დასასრულს მოთამაშეს ე.წ. კურატორი აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მოზარდს თვითმკვლელობისკენ, რაც ხშირ შემთხვევაში მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, ან ფატალური შედეგითაც კი მთავრდება.

ბერძენიშვილი: ტელეფონზე მიჯაჭვულობა, სკოლაში მოსწრების დაკლება – უკვე არის ნიშანი >>

საქართველოში მხოლოდ სექტემბერში ამ თამაშის მსხვერპლი ორი მოზარდი გახდა: თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში 14 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო, წყალტუბოში 18 წლის ბიჭი ცხრასართულიანი კორპუსიდან გადმოხტა.

452
თემები:
შემთხვევები საქართველოში (822)