პოლიციის განყოფილება

16 წლის მოზარდის სავარაუდო თვითმკვლელობა: საქმეში ახალი დეტალები გახდა ცნობილი

237
საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს პოლიციაში ჩაბარება თავად სურდა, თუმცა სანამ პოლიციას ჩაბარდებოდა, ის სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში აიყვანეს

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. 16 წლის მოზარდის სავარაუდო თვითმკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოწმე, რომელმაც სახურავიდან გადმოვარდნილი მოზარდის ცხედარი პირველად ნახა, მნიშვნელოვან დეტალზე საუბრობს.

„დაახლოებით 19 საათსა და 20 წუთზე გამოვედი ბინიდან. ჩავედი კორპუსის პირველ სართულზე, მივდიოდი მაღაზიაში. გავედი მეორე სადარბაზოდან და სანამ მესამე სადარბაზოს გავცდი, ჩემს წინ, დაახლოებით ერთ მეტრში, დავინახე პიროვნება, რომელიც დაეცა სახით ასფალტზე და ჰქონდა ძლიერი დაცემის ხმა. მე ზევით არ ამიხედავს. როდესაც მივუახლოვდი და შევხედე, აღნიშნული პიროვნება იყო ჩემი შვილის თანაკლასელი. ის არ ინძრეოდა და ჰქონდა ძლიერი სისხლდენა. მალევე დავრეკე 112-ზე, გამოვიძახე სასწრაფო. აღვნიშნავ, რომ კორპუსის პირველი სადარბაზოს მე-9 სართულზე, სახურავზე ასასვლელი კარი არ იკეტება და მეც ხშირად შემინიშნავს ადამიანები, რომლებიც სახურავზე იმყოფებოდნენ. თუმცა რისთვის, უცნობია“, - ნათქვამია მოწმის ჩვენებაში.

მოწმის ინფორმაციით, გარდაცვლილი მოზარდი აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირად იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს პოლიციაში ჩაბარება თავად სურდა, თუმცა სანამ პოლიციას ჩაბარდებოდა, ის სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში აიყვანეს. 

შემთხვევა გასულ ორშაბათს მოხდა. ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა, რომლებსაც პატიმრობა შეეფარდათ.

ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭი გადმოვარდა >>

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ვარკეთილის მესამე  მასივში 16 წლის ბიჭს  მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა - ის კორპუსის სახურავიდან გადმოხტა.

გარდაცვლილის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და ფიქრობენ, რომ ის სახურავიდან გადმოაგდეს.

237
თემები:
კრიმინალი საქართველოში (532)