თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელისა და ამავე პროდუქტის ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ბათუმში, თავისივე კუთვნილ ორ რესტორანში ყალბ ალკოჰოლურ სასმელს უცხოური ბრენდირებული წარმოების ბოთლებში ასხამდნენ, მათ მიერვე დამზადებული ყალბი სააქციზო მარკებით ნიშნავდნენ და ამავე რესტორნებში ასაღებდნენ.
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული სასმელი, ყალბი აქციზური მარკები და მისი დასამზადებელი მასალა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი და მე-200 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.