ხელბორკილები

ადვოკატი: სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პარანოიდული შიზოფრენია აქვს

65
(განახლებულია 19:33 11.09.2019)
ბრალდებულისთვის გამოძიების ფარგლებში ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჯერ არ ჩაუტარებიათ.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, პეკინის გამზირზე სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi ბრალდებულის ადვოკატის ალექსი გაბუნიას განცხადებაზე დაყრდნობით.

ინციდენტი 27 აგვისტოს პეკინის გამზირზე მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალმა მოულოდნელად ჩანთიდან ამოიღო დანა და პატარა ბავშვს სახეზე რამდენჯერმე გადაუსვა. ამას გარდა, ქალმა ბავშვის დის დაჭრაც მოინდომა, მაგრამ მშობლებმა მისი გადარჩენა მოასწრეს.

პარანოიდული შიზოფრენია შიზოფრენიის გავრცელებული ფორმაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ჰალუცინაციური და ბოდვითი აშლილობა. აღნიშნული დიაგნოზი საძაგლიშვილს დაუსვეს კლინიკაში, სადაც იგი წლების წინ მკურნალობდა.

ადვოკატის განცხადებით, მას აქვს ფორმა 100, რომლითაც დასტურდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პარანოიდული შიზოფრენიითაა დაავადებული. გაბუნიას თქმით, შესაბამისი ცნობა მან იმ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აიღო, სადაც საძაგლიშვილი 2016 წელს მკურნალობდა.

გამოძიების ფარგლებში კი ბრალდებულისთვის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჯერ არ ჩაუტარებიათ.

საძაგლიშვილს ამ დროისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

თამარ საძაგლიშვილს საგამოძიებო უწყება სამი წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას შვიდიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობა ელოდება.

ქალმა სამი წლის ბავშვს სახის არეში დაზიანებები დანით მიაყენა. თავდასხმის დროს ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. თავდამსხმელი ქალი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის მალევე დააკავეს. მოზარდს ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. იგი საავადმყოფოდან შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გამოწერეს.

65
თემები:
შემთხვევები საქართველოში (727)