ქათმის გაყინული ფილე

სალმონელა უცხოურ პროდუქტში - სამ საწარმოს პროდუქციის იმპორტი შეუჩერდა

179
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ბელგიის, ჰოლანდიისა და თურქეთის სამი საწარმოდან გამოგზავნილ პროდუქტებში სალმონელა აღმოაჩინა

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. სამი საწარმოს მიერ იმპორტირებულ პროდუქტში სალმონელა აღმოაჩინეს, ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ბელგიის, ჰოლანდიისა და თურქეთის სამი საწარმოდან გამოგზავნილ პროდუქტებში სალმონელა აღმოაჩინეს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პროდუქტებში სალმონელას ბაქტერია უკვე მეორედ დაფიქსირდა.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის 426-ე დადგენილებით, კონკრეტული საწარმოებიდან პროდუქციის იმპორტი 1 წლის ვადით შეჩერდა. ინფორმაცია უწყებამ ორშაბათს გაავრცელა.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, რომელი კომპანიის და რა სახის პროდუქცია აღმოჩნდა დაბინძურებული ბაქტერიით.

სალმონელას ბაქტერია იწვევს სალმონელოზს. ეს ინფიცირებული საკვების მიღებით წარმოქმნილი მწვავე ინფექციური დაავადებაა – მუცლის ტიფი, რაც ვლინდება მწვავე გასტრიტის, გასტროენტერიტის ან გასტროენტეროკოლიტის სახით. დაბინძურების წყარო შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი ცხოველები (შინაური და გარეული ცხოველები და ფრინველები), ისე პროდუქტები – ხორცი, რძე, კვერცხი.

რას ვჭამთ: ბათუმის აგრარული ბაზრიდან ნახევარ ტონაზე მეტი უვარგისი ხორცი ამოიღეს >>

ბაქტერია გამოირჩევა მაღალი მდგრადობით და კვირებისა და თვეების განმავლობაში შეუძლია გაძლება ოთახის ტემპერატურის წყალში, საგნების ზედაპირზე, ხორცში, რძეში.

179
თემები:
შემთხვევები საქართველოში (745)