მოსამართლის ჩაქუჩი

ხუთი ადამიანის მკვლელობა კახეთში - 85 წლის ბრალდებული გირაოთი გათავისუფლდა

138
ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაში დახმარების ბრალდებით დაკავებული პენსიონერი გაათავისუფლეს, ხოლო მისი შვილიშვილი პატიმრობაში დატოვეს

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა 85 წლის ომარ გამყრელიძე, რომელსაც მკვლელობაში დახმარება ედება ბრალად, იუწყება ტელეარხი Imedi.

ყანდაურაში საზარელი მკვლელობის საქმის მოულოდნელი შემოტრიალება - რა მოხდა კახეთში? >>

ომარ გამყრელიძე თავისი ვაჟის, რძლისა და მეზობლად მცხოვრები ორი ნათესავის მკვლელობისა და ასევე თავისი ლოგინად ჩავარდნილი ცილის დაჭრის ბრალდებით 3 მაისს დააკავეს. ქალი რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა, დანარჩენები ადგილზე დაიღუპნენ. მკვლელობა სოფელ ყანდაურაში მოხდა.

თავდაპირველად პენსიონერს ბრალი წარედგინა „ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, ორი ან მეტი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში“ და პატიმრობა შეეფარდა. ივლისის ბოლოს ბრალდება გადაკვალიფიცირდა და მკვლელობაში დახმარებით შეიცვალა.

საქმის მოსმენა ორშაბათს განახლდა. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პენსიონერი 2000 ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

რაც შეეხება პენსიონრის შვილიშვილს, რომელიც ასევე ომარ გამყრელიძეა, მოსამართლემ ის პატიმრობაში დატოვა.

გამყრელიძის შვილიშვილი მკვლელობიდან ერთ კვირაში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს, მის მეორე ვაჟზე კი ძებნა გამოცხადდა. ოჯახის წევრების ჩვენებებით, გამყრელიძის მეორე ვაჟმა 1 მაისს, ტრაგედიამდე ორი დღით ადრე განუცხადა ოჯახს, რომ მიემგზავრებოდა რუსეთში, მაგრამ მის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა არ დაფიქსირებულა. იმ დროიდან ოჯახს მასთან კავშირი არ ჰქონია.

ოთხი მოკლული და სამი დაობლებული ბავშვი - კახეთში მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალები >>

მედიის ინფორმაციით, 85 წლის მამაკაცის შვილსა და რძალს სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩათ.

მორიგი სასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე თელავის რაიონულ სასამართლოში 19 სექტემბერს გაიმართება.

138
თემები:
კრიმინალი საქართველოში (447)