ციხის გალავანი

ადვოკატი: უკეთესი იქნება, თუ წერეთელი ციხეში ჩაჯდომას გირაოს გადახდას ამჯობინებს

66
ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შესახებ

თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის, რომელსაც „თიბისი ბანკის“ მეშვეობით მილიონების გათეთრებაში დახმარების აღმოჩენაში ედება ბრალი, სასამართლო გარჩევის დროს ციხეში ყოფნას სასამართლოს მიერ დაწესებული გირაოს გადახდა ურჩევნია, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ადვოკატმა კახა წერეთელმა.

ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ არ აფიქსირებს საკუთარ აზრს ზოგიერთ მოვლენებთან დაკავშირებით >>

თბილისის საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ბიზნესმენმა მაშინ განაცხადა, რომ მას ფული არ აქვს, ხოლო მისი შვილის კუთვნილი ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ქონების ჩადებას არ აპირებს.

ხუთშაბათს ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

„საბოლოო გადაწყვეტილება გირაოს გადახდის შესახებ მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც სასამართლოში ყველა პროცედურა დასრულდება. მე ადრეც ვურჩიე და დღესაც გავიმეორებ, რომ უმჯობესია გირაო გადაიხადოს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკვე გაეცნო საქმის მასალებს.

„აღკვეთის ღონისძიების შეფარდება ავთო წერეთლის მიმართ არის უსაფუძვლო. ვგეგმავთ ბრძოლას ყველა სამართლებრივი მეთოდის გამოყენებით“, – განაცხადა წერეთელმა.

სისხლის სამართლის საქმის დეტალები

2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით, ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.

„თიბისი ბანკს" არ მოუთხოვია 17 მლნ დოლარის დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს". „თიბისი ბანკმა" ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.

17 მლნ დოლარის დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში.

პარალელურად „თიბისი ბანკი" პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოთ ხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.

66
თემები:
კრიმინალი საქართველოში (447)