მოსამართლის ჩაქუჩი

ბიზნესმენი წერეთელი: „არ გადავიხდი, ციხეში წავალ“

75
(განახლებულია 20:42 27.08.2019)
ავთანდილ წერეთელს მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ 17 მილიონი დოლარის გათეთრების ხელშეწყობა ედება ბრალად.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 000 ლარის გირაო შეუფარდა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, რომელსაც „თიბისი ბანკის“ მეშვეობით ფულის გათეთრების ხელშეწყობა ედება ბრალად.

გირაო გადახდილია: ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სასამართლოს მოთხოვნა შეასრულეს >>

საქმე ეხება 2008 წელს „თიბისი ბანკის" საბანკო ოპერაციის მეშვეობით 17 მილიონი დოლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ავთანდილ წერეთლის კუთვნილი კომპანიების – „სამგორი თრეიდისა" და „სამგორი М“-ის დახმარებით. ამჟამად ამ კომპანიების წილს მისი ვაჟი ვახტანგ წერეთელი ფლობს, რომელიც TV Pirveli-ს დამფუძნებელია.

ადრე ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენეს წერეთლის მეგობრებს – „თიბისი ბანკის" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესა და მის ბიზნეს-პარტნიორ ბადრი ჯაფარიძეს.

„ნამდვილად არ მქონდა ამ გადაწყვეტილების მოლოდინი, რადგან ოჯახი ქონებას დიდი ხანია აღარ ფლობს. „ტვ პირველი“ ჩავაბარეთ ახლა პროკურატურას. მოსამართლეს რაც უთხრეს, ის ქნა... „ტვ პირველის“ ქონება რომ ჩავდოთ, ეს უნდათ. ვერ ეღირსებიან. მე წავალ ციხეში. არ გადავიხდი ამ თანხას და ვისაც უნდა იმან გადაიხადოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ავთო წერეთელმა.

წერეთლის ადვოკატი მოითხოვდა, რომ მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიება არ გამოეყენებინა.

სისხლის სამართლის საქმის დეტალები

2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.

ფულის გათეთრების საქმე: ბიზნესმენ წერეთლის ვაჟი შეშფოთებულია თავისი "TV პირველის" გამო >>

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით, ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.

„თიბისი ბანკს" არ მოუთხოვია 17 მლნ დოლარის დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს". „თიბისი ბანკმა" ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.

17 მლნ დოლარის დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში.

პარალელურად „თიბისი ბანკი" პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.

 

75
თემები:
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)
პოლიციის მანქანა

სროლა ყანაში: სვანეთში ქალი დაჭრეს

105
(განახლებულია 00:07 19.09.2020)
სოფლის მოსახლეობის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში დანაშაული წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო მოხდა.

თბილისი, 18 სექტემბერი ― Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში ქალი დაჭრეს, იუწყება "Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ მოხდა. ქალბატონს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მაშინ მიაყენეს, როცა ქმართან ერთად ყანაში მუშაობდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა მესტიის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილობრივების თქმით, დანაშაულის მოტივი წარსულში არსებული დაპირისპირებაა.

შსს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108  (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236 (იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით.

ნიკა ლატარია

105
თემები:
კრიმინალი საქართველოში
პოლიცია

სამართალდამცველები 41 წლის მამაკაცს ეძებენ

103
(განახლებულია 16:45 18.09.2020)
მამაკაცს ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება

 

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველები უგზოუკვლოდ დაკარგულ 41 წლის ამირან გაფრინდაშვილს ეძებენ, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, მამაკაცი თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში ცხოვრობს. მას  ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

სამართალდამცავ უწყებაში  მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 12 აგვისტოს შევიდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო და გრძელდება აღნიშნული პირის ინტენსიური სამძებრო-საძიებო ღონისძიებები. ამ ეტაპზე, გამოკითხულია ათეულობით პირი, დანიშნულია ექსპერტიზები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისი მოქმედებები გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს,  აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ან აცნობონ პოლიციის უახლოეს განყოფილებას.

103
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ტესტირება კორონავირუსზე

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

0
(განახლებულია 10:27 19.09.2020)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 187-ით გაიზარდა და 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 46 ადამიანი შეემატა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში