ერეკლე კოდუას დედა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

© photo: Sputnik / Stringerფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლაურა ღაჭავა, რომელსაც ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 2,2 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენება ედება, შსს-ს ყოფილი ჩინოვნიკის, ძებნილი ერეკლე კოდუას დედაა.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ერეკლე კოდუას დედას, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის შექმნა და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დაახლოებით 2,2 მლნ ლარის ზარალის მიყენება ედება ბრალად, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიების მონაცემებით, ღაჭავამ თავის კომპანიაში შექმნა რამდენიმემილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში. ეს მან სხვა ადამიანებთან ერთად საგადასახადო დეკლარაციაში ცრუ მონაცემების შეყვანით მოახერხა, გააფორმა ყალბი შეთანხმებები უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ და მანიპულირებდა არარსებული ოპერაციებით.

სწორედ ამ ყალბი აქტივებით იფარებოდა კომპანიების მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო მოსაკრებლები. ღაჭავა დაკითხვაზე საგამოძიებო სამსახურში 14:00 საათზე იყო დაბარებული.

„უძრავი ქონება ვიყიდე ბანკებიდან და ბანკმა დამიბრუნა აქტივი დღგ... არავითარი ყალბი აქტივი არ გამიკეთებია, 2013 წლიდან მაქვს ეს აქტივი, რომელსაც ჩვეულებრივად ვიყენებდი შვიდი წლის განმავლობაში საბაჟოშიც, საშემოსავლოშიც. ნელ-ნელა ვიყენებდი თანხას", – განაცხადა ღაჭავამ.

ხელბორკილი - Sputnik საქართველო
საგამოძიებო სამსახურმა 100 მლნ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენება აიცილა თავიდან

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლით „ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება ან შეძენა გასაღების ან გამოყენების მიზნით", რაც ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

საგამოძიებო სამსახურმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ გახსნილია მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა ყალბი აქტივების შექმნის შესახებ დამატებული ღირებულების გადასახადში. სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის ცხრა მუხლით დაიწყო 53 ადამიანის მიმართ. აქედან 38 პატიმრობაშია. მათი უმეტესობა სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებელი, დირექტორი ან მმართველია.

ამ ეტაპზე უწყებამ გამოავლინა და შეძლო 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივების გამოყენების აღკვეთა. შესაბამისად, მოხერხდა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების თავიდან აცილება.

სამართალდამცველები დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენაზე მუშაობენ.

ყალბი დოკუმენტები და ნახევარი მილიონი: თაღლითების სქემა გამოაშკარავდა>>

რაც შეეხება ღაჭავას ვაჟს ერეკლე კოდუას, მას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მას დაუსწრებლად წარუდგინეს რიგი ბრალდებები და მასზე ძებნა გამოაცხადეს.

ყველა ახალი ამბავი
0