დაკავება

„ან ფული, ან სული“ ბორჯომში ბანდიტური დაჯგუფება დააკავეს

143
(განახლებულია 21:58 13.08.2019)
ბრალდებულებს ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik.  სამართალდამცველებმა ძალადობის, გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძარცვის ბრალდებით ბორჯომში დანაშაულებრივი დაჯგუფების სამი წევრი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები  მსხვერპლს თავს დაესხნენ და თანხა და პირადი ნივთები წაართვეს. გარდა ამისა, მათ  დაზარალებულს სამი კვირის განმავლობაში 11 ათასი ლარის მიტანა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი და ახლობლების მოკვლით დაემუქრნენ.

აღსანიშნავია, რომ ყველა ბრალდებული წარსულში არაერთხელ ნასამართლევი არიან,

გამოძიება გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 181-ე, 143-ე, 178-ე და 372-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

143
თემები:
კრიმინალი საქართველოში (990)
საპატრულო პოლიცია

აფრასიძეების საქმე: 16 წლის შემდეგ ოჯახი სამართლიანობასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს

26
(განახლებულია 18:57 09.07.2020)
ქალი ამხელს კონკრეტულ პირებს, რომლებიც 2004 წლის 24 მარტს ამ სისხლიან ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. სვანეთში 2004 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული ომეხ და გოჩა აფრასიძეების დედა და მეუღლე - დოდო აფრასიძე - სამართლიანობასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

პროკურატურა: პატარკაციშვილის მკვლელობა მიხეილ სააკაშვილის სანქცირებული იყო >>

ამ მიზნით ქალი და ოჯახის სხვა წევრები დღეს გენპროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ. შეხვედრამდე კი განუცხადეს ჟურნალისტებს, რომ ამ სპეცოპერაციაში დამნაშავეები და მონაწილეები არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე და სააკაშვილის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები.

ქალის განცხადებით, დამნაშავეები ახლაც დაუსჯელები არიან და ბრალს არ აღიარებენ, მეტიც, ბრალდებები კვლავ მათი ოჯახის მისამართით ისმის.

დოდო აფრასიძე დარწმუნებულია, რომ სპეცოპერაცია მაშინდელი ხელისუფლების მიერ მისი ოჯახის წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი შეტევა იყო.

მან ჟურნალისტებს 2004 წლის 24 მარტის ტრაგიკული დილის დეტალები უამბო.

„ჩემი შვილი (ომეხი) ხელფეხშებორკილი გაიყვანეს სახლიდან, რის შემდეგაც შუა გზაში დააგდეს და დაცხრილეს. ჩემი ხელებაწეული მეუღლე (ევგენი აფრასიძე) აივანზე რომ გამოვიდა, ესროლეს, დაჭრეს სასიკვდილოდ. ჩვენს ოჯახში თუ რამ კარგი იყო, ყველაფერი გაზიდეს და შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ჩემი მეუღლე ცოცხლად გადაწვეს. როცა ამბობენ, სახლიდან ცეცხლი გაგვიხსნესო. სად არის ის იარაღი, მოხვდა ვინმეს? ან ამოიღეს იარაღი საერთოდ? გამოსაყენებლად ვარგისი იარაღი ჩვენი ოჯახიდან არ ამოუღიათ“, – განაცხადა დოდო აფრასიძემ.

მისი თქმით, სამხედოებმა, რომლებიც ოპერაციას ატარებდნენ, უკვე გარდაცვლილ ომეხს ბეჭედი ვერ მოხსნეს, „წააჭრეს თითი და ისე გამოაძრეს ბეჭედი“.

შსს-მ აღნიშნული სპეცოპერაცია სვანეთში 16 წლის წინ ჩაატარა. ის 2004 წლის 24 მარტს დილის 06:00 საათზე დაიწყო.

ოპერაციის დასრულების შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მაღალმთიან რეგიონში ლიკვიდირებულია სამი ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტი - აფრასიძეების ოჯახის წევრები, და დაკავებულია დაახლოებით 40 ადამიანი.

სპეცოპერაციაში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროების სპეცდანიშნულების რაზმების 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მესტიაში კოპიტნარის აეროდრომიდან 10 ვერტმფრენით აიყვანეს.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში სპეცოპერაციის დროს მოხდა ურთიერთსროლა ადგილობრივ კრიმინალ ავტორიტეტებთან, რომლებმაც სამართალდამცავ ორგანოებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. ესენი იყვნენ ევგენი აფრასიძე და მისი სამი ვაჟი - გოჩა, ომეხი და შვანგი.

სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, ისინი მძიმე დანაშაულების ჩადენაში იყვნენ ეჭვმიტანილები და მართლმსაჯულებას დიდი ხნის განმავლობაში ემალებოდნენ. ურთიერთსროლისას სამი ბოროტმოქმედი მოკლეს, შვანგი აფრასიძე კი დაიჭრა.

ოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთსროლისას სერიოზულად დაზიანდა ერთ-ერთი ვერტმფრენის კორპუსი, რომელმაც ეცერში სპეცდანიშნულების ჯგუფი ჩამოსვა. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დანაკარგი არ ყოფილა.

გიორგი ბარამიძემ, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ აფრასიძეების კლანი ეჭვმიტანილი იყო თბილისის ამჟამინდელი მერის, კახა კალაძის ძმის, ლევანის გატაცებაში.

შსს-ს 2004 წლის მონაცემებით, აფრასიძეების ოჯახის წევრები ფიგურირებდნენ მრავალრიცხოვან მკვლელობებში, ყაჩაღობებში და ადამიანების გატაცებებში როგორც სვანეთში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით.

სპეცოპერაციის მსვლელობას აკონტროლებდა სამი მინისტრი - გიორგი ბარამიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი. აფრასიძეების ოჯახი ჩადენილი დანაშაულისთვის სამივეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

26
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები
მეხანძრე

ხანძარი სვანეთში: ცეცხლთან ბრძოლა სრულდება დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა

52
(განახლებულია 17:55 09.07.2020)
მობილიზებული იყო დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. სვანეთში, სოფელ ხაიშთან ხანძრის ოთხი აქტიური კერიდან სამი უკვე ლიკვიდირებულია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ხელმძღვანელობენ. ადგილზე ასევე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„სოფელ ხაიშთან... ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა სამი კერის ლიკვიდაცია, ხოლო მეოთხე კერაზე სრული ლოკალიზებაა. დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ადგილზე ცეცხლის კერებს აქრობენ მეხანძრე-მაშველების ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ტერიტორიის მონიტორინგი ხდებოდა დრონის საშუალებით.

მანამდე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ოთხი ვერტმფრენი იყო ჩართული. მობილიზებული იყო დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან.

სოფელ ხაიშთან სულ 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა. რთულ რელიეფზე სამუშაო პროცესში ჩართული იყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია სრულად კონტროლდება და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.

52
თემები:
შემთხვევები საქართველოში