დაკავება

დაშინება და გამოძალვა: საქართველოში კრიმინალური ავტორიტეტები დააკავეს

132
(განახლებულია 13:14 09.08.2019)
კრიმინალური ავტორიტეტები ქუთაისში მოქალაქეს 10 ათას დოლარს სძალავდნენ

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისში დანაშაულებრივი დაჯგუფების ოთხი წევრი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები ჯგუფურად, დაშინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 1994 წელს დაბადებულ მოქალაქეს უკანონოდ სძალავდნენ ონლაინ-ტოტალიზატორში მოგებული Toyota Land Cruiser Prado-ს ღირებულების ერთ მესამედს, რაც 10 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ბ.ს. (მეტსახელად „თეთრონი"), 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, ასევე, კრიმინალური ავტორიტეტი დ. კ. (მეტსახელად „ჩინა"), 1991 წელს დაბადებული მ.ე. (მეტსახელად „ბუთა") და 1983 წელს დაბადებული დ. ჯ.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

132
თემები:
კრიმინალი საქართველოში (609)