თბილისში ბანკომატის გაქურდვა სცადეს - დაკავებულია სამი პირი

გამოწერა
გამოძიების ცნობით, დაკავებულებს თბილისის სხვადასხვა უბანში 20-ზე მეტი დანაშაული აქვთ ჩადენილი

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ქურდობის მცდელობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მცდელობის ბრალდებით თბილისში სამი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომელთა ასაკი 34-დან 36 წლამდე მერყეობს, წარსულში ნასამართლევი პირები არიან. ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, დიღმის მასივის ტერიტორიაზე, ელექტროხელსაწყოების საშუალებით, ერთ-ერთი ბანკის კუთვნილ ბანკომატში არსებული თანხის მოპარვა და შემთხვევის ადგილიდან მსუბუქი ავტომანქანით მიმალვა სცადეს, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა", - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიციამ ელექტროსაჭრელი ხელსაწყო, კომპიუტერული ტექნიკა, ნიღაბი, პარიკი და ხელთათმანები დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მიმდინარე და გასულ წლებში თბილისის სხვადასხვა უბანში 20-ზე მეტი დანაშაული ჩაიდინეს.

გამოძიება ქურდობის, ქურდობის მცდელობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ასევე, ამ დანაშაულის მცდელობის ფაქტებზე - საქართველოს სსკ-ს 19-177-ე და 177-ე მუხლის მესამე ნაწილებით, 19-284-ე მუხლის და 284-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0